დავით უსტიაშვილი: ბულგარეთში საბრძოლო განწყობით ჩამოვედით

დავით უსტიაშვილი: ბულგარეთში საბრძოლო განწყობით ჩამოვედით

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი ელის ბულგარეთში. ისევე როგორც ჩვენს ნაკრებს, ბულგარელებსაც 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვთ, თუმცა ცხრილში ქართველები მიღებულ–ჩაგდებული ბურთებით უსწრებენ ბულგარელებს. ჩვენი ეროვნული გუნდი დღეს დილას ჩავიდა სოფიაში და სასტუმრო „ტრიადაში“ დაბინავდა. ბულგარეთში დავუკავშირდით საქართველოს ნაკრების ერთ–ერთ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს და გუნდში შექმნილ სიტუაციაზე ვესაუბრეთ.
 
 
დავით უსტიაშვილი
 
– როგორი განწყობით ჩახვედით ბულგარეთში?
– განწყობა საბრძოლოა და ყველა მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. ბიჭები კარგ ხასიათზე არიან, საღამოს ვარჯიშისთვის ვემზადებით.
– ახლა ისვენებთ?
– დილაადრიან ჩამოვედით და რა თქმა უნდა, ახლა ყველა თავის ოთახშია და ისვენებს. ბულგარეთში გერმანიის გავლით ჩამოვფრინდით და ბიჭებს ძალების აღდგენა სჭირდებათ. დღეს საღამოს 6 საათზე ვივარჯიშებთ, თუმცა გუნდს ძალიან არ დავტვირთავთ. შედარებით მსუბუქი ვარჯიში გვექნება.
– ყველა ივარჯიშებს?
– ყველა ჯანმრთელადაა, მხოლოდ გიორგი ცინცაძეს აწუხებს ოდნავ წელი. მან გუშინ თბილისში არ ივარჯიშა, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დაესვენა. დღეს ის ალბათ გუნდთან ერთად იქნება სავარჯიშოდ.
– ხვალ რომელზე ვარჯიშობთ?
– თამაშის დღეს, ტრადიციულად, მსუბუქად ვარჯიშობს ყველა. ჩვენ დილის 11 საათზე შევალთ დარბაზში და ძირითადად სროლებზე წავიმუშავებთ.
– თქვენს ჩასვლას ჟურნალისტებისგან დაინტერესება ხომ არ მოჰყოლია?
– რამდენიმე ჯურნალისტი დაგვხვდა, კამერით იყვნენ და ალბათ ტელევიზიითაც გააშუქეს ჩვენი ჩასვლა.
– როგორ სასტუმროში დაგაბინავეს მასპინძლებმა, პირობებით კმაყოფილი ხართ?
– საკმაოდ ნორმალური სასტუმროა და პირობებს არ ვუჩივით. საღამოს ვარჯიშზე რა იქნება, ჯერ არ ვიცი, აქამდე არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.
– ბელგიაში რომ ითამაშეთ 5 აგვისტოს, დარბაზში საკმაოდ ბევრი ქართველი გქომაგობდათ. ბულგარეთშიც ხომ არ ელით ქართველ მხარდამჭერებს?
– არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ამის შესახებ. ალბათ არ იქნებიან ბევრი ქართველები, რადგან ბულგარეთში ჩვენი თანამემამულეები არცთუ ბევრია. ევროპის ცენტრ ბელგიაში კი მართლაც ბევრმა ქართველმა მოიყარა თავი.
– მოგების შანსებზე რას იტყვით?
– წინასწარ ვერაფერს. სტუმრად, მით უმეტეს ბულგარეთში თამაში ძალიან ძნელია. მოგება რეალურია, თუკი ბიჭები კარგად შეასრულებენ მწვრთნელის დავალებებს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.