დავით უსტიაშვილი: ბულგარეთთან გამარჯვება გუნდურმა თამაშმა განაპირობა

დავით უსტიაშვილი: ბულგარეთთან გამარჯვება გუნდურმა თამაშმა განაპირობა

ამ წუთებში სარაევოში მიმდინარეობს საქართველოს ნაკრების ჯგუფის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დანია და ესტონეთი ხვდებიან. ამ მატჩს ესწრებიან ქართველი კალათბურთელები და ნაკრების მწვრთნელები. ჩვენი ნაკრების თავკაც დავით უსტიაშვილს სწორედ ამ შეხვედრის მსვლელობისას შევეხმიანეთ.
 

 
– როგორ შეაფასებთ ბულგარეთთან მატჩს?
– მიუხედვად იმისა, რომ სოლიდური სხვაობით გავიმარჯვეთ, საკმაოდ რთული მატჩი იყო. გამარჯვება დიდი ბრძოლის ხარჯზე მოვახერხეთ.
– შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 20 ქულით ვიგებდით…
– მერე რა, ბულგარეთი ის გუნდია, რომელიც ოდნავ მოდუნებას არ გვაპატიებდა. ეს ჩვენ ვიცოდით და ამიტომაც ბოლომდე ვიბრძოდით. ბიჭებს მადლობა, რომ გამარჯვებისთვის არაფერი დაიშურეს.
– მთელი თამაში ლიდერობდით და ალბათ დარწმუნებული იყავით გამარჯვებაში…
– არა, გამარჯვებაში მხოლოდ მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც ბოლო წუთი დაიწყო, ჩვენ კი 15 ქულას ვიგებდით.
– ვის გამოარჩევდით?
– ყველამ კარგად ითამაშა, ეს გუნდური გამარჯვება იყო. თორნიკე შენგელია როგორც გუნდის ლიდერი, მართლაც შესანიშნავი იყო. 30 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მას კარგად აუბეს მხარი გუნდის წევრებმა. ესე რომ არ მომხდარიყო, წაგება არ აგვცდებოდა.
– ახლა რას აპირებთ?
ახლა დანიისა და ესტონეთის მატჩს ვუყურებთ. დანია ჩვენი ხვალინდელი მეტოქეა და ვცდილობთ, მაქსიმალური მობილიზებით დავაკვირდეთ. ამ მატჩის ვიდეოფირსაც მოგვცემენ და საღამოს მთელი გუნდი ერთად გავარჩევთ. ასევე ჩვენსა და ბულგარეთის მატჩსაც ვუყურებთ და სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ. ხვალ დილას მსუბუქად ვივარჯიშებთ და საღამოს დანიასთან ვითამაშებთ. მიუხედავად დანია–ესტონეთის მატჩის შედეგისა, ხვალ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდა.