დავით უსტიაშვილი: ჩეხეთთან ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით

დავით უსტიაშვილი: ჩეხეთთან ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით

საქართველო 20-წლამდელთა ნაკრები ხვალ ჩეხეთს ხვდება და თუ გაიმარჯვებს, A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. ქართველები ჩეხებთან მატჩისთვის საგანგებოდ ემზადებიან. გვესაუბრება მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი, რომელსაც ბოსნიაში შევეხმიანეთ.
 

 
– გილოცავთ ნახევარფინალში გასვლას. დანიასთან ტურნირის საუკეთესო მატჩი ითამაშეთ – შედეგიდან ასე ჩანს…
– შესაძლოა, საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ, მაგრამ იოლი ნამდვილად არ ყოფილა. გამარჯვება დიდი მონდომების ხარჯზე მოვახერხეთ. ბულგარეთთანაც და დანიასთანაც სოლიდური სხვაობით გავიმარჯვეთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მეტოქის გასატეხად მთელი ძალების მობილიზება დაგვჭირდა.
– უშუალოდ დანიასთან მატჩზე რას იტყვით? სკანდინავიელებს ტანმაღალი მოთამაშეები ჰყავდათ, თუმცა ფარქვეშ თავიდანვე დაჯაბნეთ…
– დანიას გამართული დაცვის წყალობით ვაჯობეთ. ამასთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრები წარმატებით ესროდნენ, რაც წინა ხაზის აქტიურობის შედეგი იყო. პირველ ტაიმში დანიელებს მოხსნებში ვაჯობეთ, თუმცა მეორეში სტატისტიკა შეიცვალა. აღვნიშნავ, რომ სტატისტიკაში შეცდომები იყო, თორნიკე შენგელიას არაერთი მოხსნა დააკლეს, ასევე სხვებს. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
– ტურნირზე მეორე მატჩის შემდეგ ინტერვიუში თქვით, ჩვენს გუნდს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და კიდევ მოუმატებსო…
– ასეც მოხდა, ჩვენი ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, გუნდი გამოცდილებას კრგად იყენებს და ყოველი მატჩიდან სწორი დასკვნები გამოაქვს, რომლებსაც მომდევნო შეხვედრაში ითვალისწინებს.
– წინა მატჩებისგან შედარებით თორნიკე შენგელია იმდენად გამოკვეთილი აღარაა…
– შესაძლოა, შენგელია 40 და 33 ქულას აღარ აკეთებს, თუმცა მან დანიასთან საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა და 28 ქულაც მოაგროვა. მისმა შედეგიანობამ ოდნავ იკლო, რაც ბუნებრივია. ყველამ გაიგო, რომ თორნიკე ჩვენი გუნდის ლიდერია და მას განსაკუთრებულად მეურვეობენ. თითქმის ყოველთვის ორი კალათბურთელი იცავს, თორნიკეც გონივრულად იქცევა და გამოთავისუფლებულ კალათბურთელს პასს არ უგვიანებს. მისმა შედეგიანმა გადაცემებმა იმატა, რასაც გუნდისთვის არანაკლები სარგებელი მოაქვს.
– რაც იტყვით მომავალ დაპირისპირებაზე?
– მთავარ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რთა A დივიზიონის საგზური მოვიპოვოთ. ჩეხეთი კარგი გუნდია, ჰყავს როგორც ტანმაღალი მოთამაშეები, ასევე დაბალანსებული უკანა ხაზი. დღეს ვისვენებთ, ჩეხეთის თამაშის ვიდეოს ვუყურებთ და საბრძოლველად ვემზადები.
– ტრავმირებული ხომ არავინაა?
– სერიოზული ტრავმა არავის არ აქვს. მხოლოდ დუდა სანაძეს აწუხებს ოდნავ ფეხი, თუმცა ის ხვალ ჩეხეთთან ითამაშებს.