დავით უსტიაშვილის დამოძღვრილმა საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩი მოიგო და ჯგუფის ერთ–ერთი ლიდერია ესტონეთთან ერთად. ჩვენმა ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ბოლო მეოთხედამდე კუდში მისდევდნენ, გადამწყვეტ მომენტებში იმარჯვეს და დამსახურებულად მოიგეს. დღეს, თბილისის დროით 22 სათზე ქართველები პოლონელებს შეხვდებიან და თუ გაიმარჯვეს, ჯგუფიდან გასვაზე სერიოზულ განაცხადს გააკეთებენ. სარაევოში დღეს დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ და განვლილ მატჩებზე ვესაუბრეთ
– რა შეგიძლიათ თქვათ საწყისი 2 მატჩის შემდეგ?
– დავინახე ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ორივე მატჩი ბრძოლაში მოვიგეთ. მეტოქეები საკმაოდ ძლიერები გვყავდა, მათ ბოლომდე გვებრძოლეს და მიხარია, რომ გადამწყვეტ წუთებში ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს. დარბაზში კონდიცირება არაა, საშინელი სიცხეა და მეშინოდა, ბიჭები არ გადაღლილიყვნენ, მაგრამ მოთამაშეები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და რთულ გარემო პირობებს მათზე უარყოფითად არ უმოქმედია. ჩემპიონატამდე გავლილი შეკრების ნაყოფი დავინახეთ.
– შვეიცარია, რომელსაც ჩვენ 8 ქულით მოვუგეთ, ესტონეთთმა დიდი ანგარიშით დაამარცხა. რას იტყვით ამაზე და ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებზე?
– შვეიცარია არაა სუსტი გუნდი. ესტონეთამდე ბევრი აკლია, მაგრამ ზოგადად საკმაოდ მებრძოლი შემადგენლობა ჰყავს. ესტონეთთან მატჩში არ გაუმართლა. ისეთი მატჩი იყო, რომ კლასში სხვაობა თითქმის არ იგრძნობოდა, უბრალოდ, ესტონეთს ძალიან გაუმართლა, თითქმის ყველა ბურთი ჩააგდო, ხოლო შვეიცარიამ კი პირიქით.
– რუმინეთმა ჩვენს დღევანდელ მეტოქე პოლონეთს მოუგო…
– პოლონეთმა პირველ ტურში დიდი ენერგია შეალია მაკედონიასთან შეხვედრას, სადაც მცირე ანგარიშით დამარცხდა. რუმინეთისგან პოლონეთის ძლევა ჩემპიონატზე მოულოდნელობად ჩაითვალა, თუმცა არც რუმინეთია ხელწამოსაკრავი. ჩვენ ამ გუნდთან თამაში წინ გვაქვს და მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. თუმცა მანამდე პოლონეთს ვეთამაშებით და დიდი ბრძოლა გველის. თუ ამ თამაშს მოვიგებთ, სამიდან 3 მოგება გვექნება და ჯგუფიდან გასვლის გზაზე დიდ ნაბიჯს გადავდგავთ.
– რას იტყვით ჩვენი ნაკრების სათადარიგო მოთამაშეებზე, კმაყოფილი ხართ მათი თამაშით?
– დიახ, კმაყოფილი ვარ. ისე კი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენს გუნდს ერთი ხუთეული არ ჰყავს. მაგალითად, სანაძე და თენიეშვილი მაკედონიასთან შეცვლაზე შემოვიდნენ, ხოლო შვეიცარიასთან მატჩი ძირითადში დაიწყეს. მთავარი ქულების მოგროვება არაა. მოედანზე არის არანაკლებ მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც სათადარიგოები ასრულებენ. თუმცა მნიშვნელოვანი ბურთებსაც აგდებენ – გავიხსენებ რევაზაშვილის, ლეჟავას მოპოვებულ ქულებს. გუნდი იგებს და ეს ყველას დამსახურებაა.
– არ შეიძება, თორნიკე შენგელია არ გამოვყოთ…
– შენგელია ჩვენი გუნდის ლიდერია და ის ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. შენგელიას უფრო მეტის პოტენციალი აქვს და მჯერა რომ მოუმატებს. ამასვე ვიტყვი ჩვენს ნაკრებზე. ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს და მომავალ მატჩებში უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.