დავით უსტიაშვილი: “დაცვაში თამაშის გამოსწორებამ ლატვია დაგვამარცხებინა”

დავით უსტიაშვილი: “დაცვაში თამაშის გამოსწორებამ ლატვია დაგვამარცხებინა”

საქართველოსა და ლატვიის ამხანაგური მატჩის შემდეგ რიგაში ჩვენი ნაკრების ერთ–ერთ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით და განვლილ მატჩზე კომენტარი ვთხოვეთ.
 
 
 
„პირველ ტაიმში თამაში არ გამოგვივიდა. განსაკუთრებით არ გაგვიმართლა დაცვაში, რისი შედეგიც იყო ის, რომ ლატვია 10 ქულით დაწინაურდა.  შესვენების შემდეგ დაცვა გავამაგრეთ და შეხვედრაში გარდატეხაც შევიტანეთ. პირველ ტაიმში ვერ მოხერხდა დაცვის დალაგება, თუმცა მესამე პერიოდში ეს შევძელით და შედეგმაც არ დააყოვნა“.
 
„მეტოქე უკვე გატეხილი გვყავდა და შეგვეძლო, მესამე პერიოდის ბოლოს სოლიდური უპირატესობაც მოგვეპოვებინა, თუმცა მსაჯებმა არ დაგვინდეს და ლატვიელებმა კვლავ მოახერხეს წინ გასვლა. ბოლო მეოთხედში თავისი სიტყვა თქვა ზაზა ფაჩულიამ. მან გამორჩეულად ითამაშა და ღმერთმა ქნას, სულ ასეთი წარმატებული იყოს. ფაჩულიასთან ერთად სხვებმაც კარგად ითამაშეს და მთლიანობაში, ეს გუნდური გამარჯვება იყო“.
 
„ლატვიელებს ამ მატჩის მოგება ძალიან უნდოდათ. ისინი საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშობდნენ, თანაც აქამდე ყველა მოსამზადებელი მატჩი წაგებული ჰქონდათ და გამარჯვება ძალიან სურდათ. ამიტომაც იყო, რომ მასპინძლები ბოლო წამამდე გმირულად იბრძოდნენ, თუმცა ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ“.
 
„წინ კიდევ 2 საკონტროლო მატჩია – ერთი ლატვიასთან და ერთიც ლიტვასთან. ამ მატჩებში ისევ და ისევ დაცვის სრულყოფაზე და შეცდომების მაქსიმალურად შემცირებაზე ვიზრუნებთ“.