დავით უსტიაშვილი: ეროვნული ნაკრების შეკრება სრული დატვირთვით მიმდინარეობს

დავით უსტიაშვილი: ეროვნული ნაკრების შეკრება სრული დატვირთვით მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 ივლისიდან ავსტრიის მყუდრო ქალაქ შტაინბრუნში შეკრებაზეა. იგორ კოკოშკოვის განკარგულებაში ნაკრების ყველა კანდიდატია და თუკი კალათბურთელებს მანამდე მხოლოდ ფიზიკური დატვირთვები ჰქონდათ, ახლა ტაქტიკასა და კომბინაციებშიც ვარჯიშობენ. ავსტრიული შეკრების დეტალებზე გვესაუბრება ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი, რომელსც ავსტიაში შევეხმიანეთ
 

 
– შეკრება მყუდრო გარემოში მიმდინარეობს. ნაკრებს ყველა პირობა აქვს, რათა სათანადოდ მოემზადოს. შტაინბრუნში ყველა პირობაა შექმნილი, რათა მოთამაშეები მხოლოდ ვარჯიშზე იყვნენ ორიენტირებულნი.
– კმაყოფილი ხართ თუ არა ნაკრების კანდიდატების ფორმით?
– თბილისურმა შეკრებმ, სადაც კლათბურთელები ფიზმომზადებით იყვნენ დაკავებულნი, როგორც ჩანს, ნაყოფიერად ჩაიარა. მოთამაშეები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან.
– ისინი, რომლებიც არ იყვნენ თბილისში?
– არც ისინი უჩივიან რამეს. ყველა კალათბურთელის ფიზიკური ფორმა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ სამუშაო გვაქვს, მაგრამ საპრობლემო არაფერია. ეს შეკრებაც ხო იმისთვისაა, რომ მოთამაშეთა კონდიციები სრულყოფაში მოვიყვანოთ.
– რა პერიოდულობით და რა კომპონენტებში ვარჯიშობთ?
– დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ძირითადად კომბინაციების დამუშავებით ვართ დაკავებული. ასევე სროლებს და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებს ვხვეწავთ. ანუ ძირითადად ბურთთან გვაქვს კონტაქტი, რადგან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვე რჩება და სათამაშო პრაქტიკა მაქსიმალურად უნდა შევიძინოთ.
– ხვალ პირველი სპარინგ–მარჩი გაქვთ…
– დიახ, ავსტრიასთან მატჩი აქ, შტაინბრუნის ბაზაზე გაიმართება. ეს ეგრედ წოდებული გამახურებელი მატჩი იქნება, 31 ივლისს კი უკვე ქალაქ ბადენში ჩავატარებთ ავსტრიასთან ოფიციალურ ამხანაგურ მატჩს.
– რას ელით ამ თამაშებისგან?
– შედეგს ნამდვილად არ ვაქცევთ ყურადღებას. მთავარია, კალათბურთელები შეეწყონ ერთმანეთს და ის კომბინაციები კარგად გაათამაშონ, რაზეც ვმუშაობთ.
– მანუჩარ მარკოიშვილს თბილისური ფიზმომზადების შეკრება ტრავმის გამო არ გაუვლია. ახლა როგორ მდგომარეობაშია?
– მანუჩარი უკვე შეუდგა ვარჯიშს და დღეიდან სრულად დაიტვირთება. მას დასვენების საშუალება მივეცით, რადგან გადატვირთული სეზონის შემდეგ ფეხი დაესვენებინა. ახლა იგი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.
– რას იტყვით ნაკრების ახალ მოთამაშე მარკიზ ჰეინსზე?
– ჰეინსი მრავალმხრივი კალათბურთელია. მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც გამთამაშებლად, ისე მსროლელად, ანუ ორ ნომრად თამაში. კარგი მიზნი აქვს, მოედანს მშვენივრად ხედავს, არც პასს აგვიანებს და სისწრაფეც მშვენიერი აქვს. ის ჩვენს ნაკრებს დიდ დახმარებას გუწევს. ამხანაგური მატჩები ჰეინსს ძალიან დაეხმარება, რათა ჩვენს გუნდს კარგად შეეწყოს.