დავით უსტიაშვილი: ლატვიის დასამარცხებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ

დავით უსტიაშვილი: ლატვიის დასამარცხებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ

რამდენიმე საათში საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმება. სლოვენია კონტინენტის პირველობას მასპინძლობს, სადაც საქართველო С ჯგუფში თურქეთის, ესპანეთისა და ლატვიის ნაკრებებთან მოხვდა. ქართველების პირველი მეტოქე ლატვია იქნება, რომელთან საბრძოლველადაც ქართველები სრულად მობილიზებულები არიან. სლოვენიაში ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ, დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით, რომელიც მატჩისწინა ამბებზე გვესაუბრა
 

 
– უკვე ორჯერ ვივარჯიშეთ: გუშინ საღამოს და დღეს დილით. საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიები გვქონდა, მოედანსაც გავუშინაურდით.
 
– სლოვენიაში წასვლამდე ბოლო ვარჯიშისას ბექა ბურჯანაძემ ფეხი იტკინა. ახლა როგორ არის?
 
– სერიოზული ტრავმა არ აღმოჩნდა, ბურჯანაძე სრულ მზადყოფნაშია. საერთოდ ტრავმა არავის აწუხებს და ბიჭები საბრძოლველად არიან განწყობილნი.
 
– ხომ არ გინახავთ ლატვიის, ან რომელიმე ჩვენი მეტოქის ვარჯიში?
 
– არა, ჩვენ ესტონეთში ლატვიის თამაშის ვიდეოფირი მოვიპოვეთ და მათი თამაში გუშინ და დღეს გავარჩიეთ. ლატვიამ ჩვენს მსგავსად ესტონეთთან 2 საკონტროლო მატჩი გამართა და ორჯერვე იოლად გაიმარჯვა. ესტონელებმა ამ თამაშების ფირები მოგვცეს, რაც ძალიან გამოგვადგა.
 
– ლატვია ესტონეთზე და ესპანეთზე შედარებით სუსტი გუნდია და ალბათ გერჩივნათ, ბალტიისპირელებს პირველივე მატჩში კი არა, მომდევნო ტურებში შეხვედროდით…
 
– რა თქმა უნდა, გვერჩივნა, მაგრამ რას ვიზავთ. ასეა გრაფიკი შედგენილი და სხვა გზა არ გვაქვს. სხვათა შორის, მატჩებიც ცუდ დროსაა დანიშნული, დღეს აქაური დროით 5–ის 15 წუთზე ვთამაშობთ, ხვალ კი სულაც – 2 საათზე.
 
– რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ მატჩში გავიმარჯვებთ?
 
– მოგების შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთადერთი, რისი თქმაც დარწმუნებით შემიძლია, ისაა, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და გამარჯვებისთვის არაფერს დაიშურებენ.