დავით უსტიაშვილი: საქართველო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა

დავით უსტიაშვილი: საქართველო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა

დღეს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ისვენებს და ხვალიდან მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩაებმება. ქართველები თბილისის დროით 16 საათზე ბულგარეთს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში (გააჩნია ჯგუფის მეორე მატჩი რა შედეგით დასრულდება) შესაძლოა, ნაადრევად გაინაღდოს ნახევარფინალის საგზური. დღეს სარაევოში ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ და გულშემატკივართათვის საინტერესო თემებზე ვესაუბრთ
 
 
 
– რა კომენტარს გაუკეთებთ ჯგუფის ბოლო ტურის მატჩს?
– გამომდინარე იქიდან, რომ რუმინეთთან მატჩის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და პირველი ადგილი განაღდებული გვქონდა, ყველა სათადარიგო კალათბურთელი ვათამაშე. ამავდროულად თავს უფლება მივეცი, ხუთეულის წევრი ნოდარ თენიეშვილი დამესვენებინა, რომელიც ცოტა შეუძლოდ იყო და მის დატვირთვას მოვერიდე.
– თქვენმა ამ ნაბიჯმა რა შედეგი მოგცათ?
– მთავარი მიზანი ის იყო, რომ ყველა მოთამაშის შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი. მართალია, საკონტროლო მატჩებში ყველა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სულ სხვაა ოფიციალური შეხვედრები. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა აკაკი ლომოურმა, მეტი სათამაშო დრო მივეცი გიორგი რევაზაშვილს, ითამაშა ტარიელ თავართქილაძემ, იოსებ ლეჟავამ. ერთი სიტყვით, უკვე ვიცი, ვის რა შეუძლია და თუკი მომავალ, პრინციპულ მატჩებში დამჭირდა, აუცილებლად გამოვიყენებ. რაც შეეხება თავად მატჩს, რუმინეთმა მთელი მონდომებით ითამაშა, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა. ბოლოს შეგვეძლო მოგება, შეხვედრა დამატებით დროშიც გადავიყვანეთ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება რუმინელებს დარჩათ.
– პირველი ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე რა თვალით უყურებენ?
– ჩვენი ნაკრები ერთ–ერთ ფავორიტად მიიჩნევა. ვამჩნევთ, რომ ყველა ისე გვეპყრობა, როგორც ფინალში გასვლის კანდიდატს. ეს ბუნებრივიცაა: მას შემდეგ, რაც ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე მოვიპოვეთ, ფავორიტის სტატუსი მოგვანიჭეს. ტურნირის მთავარმა კომისარმა გვითხრა, რომ ესტონეთთან მოგებული მატჩი, მისი აზრით, ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესოა.
– წინ მეორე ჯგუფური ეტაპია, სადაც ბულგარეთს და დანიას ვხვდებით…
– მართალია, 2 მატჩი გვაქვს წინ, მაგრამ ჩვენთვის ახლა მხოლოდ ბულგარეთი არსებობს. მთლიანად ბულგარელებთან მატჩზე ვართ მობილიზებულნი. შესაძლოა, გამარჯვების შემთხვევაში კვლავ ვადაზე ადრე მოვიპოვოთ მომდევნო ეტაპის, ამ შემთხვევაში ნახევარფინალის საგზური. თუკი ბულგარეთს მოვუგებთ, ხოლო ესტონეთი დანიასთან დამარცხდება, ჩვენ და დანია ვადაზე ადრე გავდივართ ნახევარფინალში. ისე კი, აღვნიშნავ, რომ ორივე მეტოქე ძლიერია. ძლიერები იყვნენ პირველ ჯგუფური ეტაპის მეტოქეებიც, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და პირველ ადგილზე გავედით. მომავალ მატჩებსაც ასეთი მობილიზებით უნდა შევხვდეთ.
– მეტოქეების მატჩებს თუ დაესწარით?
– B ჯგუფის მატჩები მოშორებით მდებარე დარბაზში იმართება, თან ჩვენი თამაშები ხშირად ემთხვეოდა. სამაგიეროდ მოვიპოვეთ დანიის და ბულგარეთის ნაკრებების თამაშების ვიდეომასალა, ასევე ჩვენი მატჩებიც და დღევანდელ დღეს ამ შეხვედრებს დაწვრილებით გავარჩევთ. შევისწავლით მეტოქეთა პლუს–მინუსებს, ჩვენს შეცდომებსაც დავანახებ ბიჭებს.
– დღეს ვარჯიში არ გექნებათ?
დარბაზი სასტუმროს გვერდით გვაქვს და დილას მსუბუქად, 1 საათი ვივარჯიშებთ, ხოლო მეტ დროს დასვენებას დავუთმობთ.
– დაბოლოს, როგორი განწყობაა გუნდში?
– შესანიშნავი, საბრძოლო განწყობაა. ჯერჯერობით წარმატებით ვასპარეზობთ და იმედია, ასეც გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მატჩებში ბიჭები დიდ გამოცდილებას იღებენ. ეს აუცილებელია ყველა კალათბურთელისთვის, მით უფრო, რომ სწორედ ამ ასაკობრივი ნაკრებიდან უნდა მიიღოს ეროვნულმა გუნდმა შევსება.