გურჯაანის დელტასა და კავკასიას შორის მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დელტამ გუშინ საკუთარ დარბაზში კავკასიასთან წაგების შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 80:64 (სტატისტიკა). შედეგად, გურჯაანიდან სერია თბილისში გადმოინაცვლებს, სადაც 14 და 15 მაისს სერიის მე-3 და მე-4 მატჩები გაიმართება.
გურჯაანელებისთვის შინ მეორე მატჩის წაგება კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა და ცხადია, ეს არც მომხდარა. ის კი არა, სერიის პირველი მატჩის წაგება და სერიაში მოედნის უპირატესობის დაკარგვა დელტასთვის უკვე დიდ დანაკლისს უდრიდა და აქედან გამომდინარე, ირაკლი ხოშტარია მატჩის ერთადერთ შედეგს, თავისი გუნდის მოგებას განიხილავდა.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დელტამ ზედმეტი გართულებების გარეშე იმარჯვა. კავკასიას ცხადია, ჰქონდა შანსი, მაგრამ ბექა წივწივაძის გუნდს თავი არ მოუკლავს. მათ გურჯაანში პროგრამა მინიმუმი შეასრულეს, 1 მატჩი მოიგეს და ახლა შინ ორივე შეხვედრაში თუ იმარჯვებენ, ფინალში გავლენ.
რაც შეეხება მატჩს, პირველი პერიოდი მასპინძლებმა 28:20 მოიგეს. მეორე ათწუთეული ფრედ დასრულდა და დიდ შესვენებაზე დელტა 8 ქულით ლიდერობდა. მესამე პერიოდი საკვანძო გამოდგა. მასპინძლებმა ისევ იძალეს, რაც უმეტესწილად მათი უკანახაზელის, საბა ლობჯანიძის დამსახურება იყო. 17:9 მოგებული ათწუთეულის შემდეგ გურჯაანელები 16 ქულით დაწინაურდნენ და მატჩმა სპორტული ინტერესი დაკარგა.
საბოლოოდ თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გურჯაანელთა წარმატებაში ლომის წილი ლობჯანიძემ დაიდო, რომელმაც 23 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მან 4-დან 4 სამქულიანი, 5-დან 4 ორიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. 16 ქულა გიორგი ტურძილაძემ მიითვალა. კავკასიელთაგან 19 ქულითა და 9 მოხსნით ჯავაუნ დენიელსი გამოირჩა. 17 ქულა მოაგროვა ილია ლონდარიძემ.
გუნდები 3 დღეს დაისვენებენ და 14 მაისს სერიის მე-3 მატჩი თბილისი არენაზე გაიმართება.
მატჩის სრული ვიდეო-ტრანსლაცია