“დელტამ” “ოლიმპი” დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

“დელტამ” “ოლიმპი” დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტი საკალათბურთო კლუბი “დელტაა”. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა “ოლიმპს” სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 მოუგო. დელტელებმა სერიის მესამე შეხვედრა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართეს და მიუხედავად მეტოქის დიდი წინააღმდეგობისა, თავისი მაინც გაიტანეს. “დელტამ” შეხვედრა 81:71 მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

სერიის წინა მატჩებისგან განსხვავებით, “ოლიმპი” ამ შეხვედრას უმეტესწილად იგებდა. დიმიტრი ჟაკობოვის გუნდი სტაბილურად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, თუმცა “დელტაც” არ უტებდა ტოლს და ძირითადად თანაბარი თამაში მიდიოდა. პირველი პერიოდი ფრედ – 18:18 დასრულდა. თანაბარი თამაში მეორე ათწუთეულშიც გაგრძელდა, რომელიც “ოლიმპის” მცირე უპირატესობით – 19:17 დასრულდა და დიდ შესვენებაზე ჯაკობოვის გუნდი 37:35 იგებდა.

შესვენების შემდეგ “დელტამ” მეტი აგრესიით შეუტია, დაცვაში კი პერსონალური მეურვეობა დაუწესა ოლიმპელთა ცენტრ მარკ ოგდენს. შესაბამისად, ჯაკობოვის გუნდს ქულების ხვეჭა გაუჭირდა, მით უფრო, რომ შორი სამიზნე “ოლიმპის” მსროლელებმა ვერა და ვერ გაისწორეს. მესამე პერიოდი “დელტამ” 21:19 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ ანგარიში ისევ თანაბარი – 56:56 გახლდათ.

ბოლო პერიოდში “დელტამ” აშკარა უპირატესობა მოიპოვა. დაცვაში კარგი თამაში გააგრძელა, ხოლო შეტევაში ოთარ ფხაკაძის, მალკოლმ დრამრაითის და ბექა ბექაურის შედეგიანობით ხშირად ხეირობდა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დელტელთა უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია, რაც ლაფანაშვილის გუნდის გამარჯვებას და ნახევარფინალში გასვლას ნიშნავდა. “დელტას” 21 ქულით ოთარ ფხაკაძემ ულიდერა. 18 ქულა მალკოლმ დრამრაითმა მიითვალა, ერიქ ნოთიჯის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ოლიმპში” 18 ქულით საუკეთესო იყო რევაზ როგავა, მარკ ოგდენის ანგარიშზე კი 11 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

“დელტა” ნახვევარფინალშია და მეტოქეს “მგზავრებისა” და “ბათუმის” წყვილიდან ელოდება, სადაც სერიაში ანგარიში თანაბარია – 1:1.

ოლიმპი – დელტა
სტატისტიკა: 71:81