“დელტამ” “ოლიმპს”ისევ მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა

“დელტამ” “ოლიმპს”ისევ მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა

ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა “დელტამ” სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “ოლიმპს” და ნახევარფინალს 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. დღევანდელი მატჩი გუშინდელს ძალიან ჰგავდა. “დელტა” მთელი თამაშის მანძილზე იგებდა, შუაწლში უფრო დამაჯერებლად, “ოლიმპი” კი ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო წუთებზე მოახერხა ჩამორჩენის იმდენად შემცირება, რომ მოგების შანსი გაუჩნდა, თუმცა გადამწყვეტ წუთებში “დელტამ” იყოჩაღა, მეტოქეს თამაშის შემობრუნების შანსი არ მისცა და 74:69 გაიმარჯვა.

პირველი პერიოდი დელტელებმა 22:14 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 12 ქულამდე გაზარდეს. მესამე ათწუთეულში “ოლიმპმა” თამაში გამოასწორა. დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე ჩამორჩენის გაბათილება იწყო და დასკვნითი მეოთხედის წინ მეტოქეს 7 ქულით მიუახლოვდა – 54:60. ბოლო პერიოდში ოლიმპელებმა თამაში კიდევ უფრო დაძაბეს. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დეფიციტი 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ბექა ბექაურის შედეგიანობით “დელტამ” სირენამდე 1 წუთით ადრე 8-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა.

მიუხედავად გამოუვალი მდგომარეობისა, “ოლიმპმა” რეალური შანსი მოიპოვა: რეზო როგავამ 3-ქულიანი ჩააგდო, ფარქვეშიდან შემოტანილი ბურთი კი ოლიმპელმა ჩარლზ ბენეტმა ერიკ ნოთიჯს ჩაუჭრა, ხოლო როგავამ ზუსტი ორქულიანით დასრულებამდე 24 წამით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. “ოლიმპის” პრესინგმა გაამართლა და “დელტამ” ბურთი დაკარგა. 3 ქულით ჩამორჩენილ “ოლიმპს” 17 წამი ჰქონდა, მაგრამ რეზო როგავას გამთანაბრებელი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა, “დელტამ” საჯარიმოები მიითვალა და თამაშის ბედიც გადაწყდა. გამარჯვებულთაგან 22 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 13 ქულა და 9 მოხსნა ერიკ ნოთიჯის ანგარიშზე დაგროვდა, საბა ლობჯანიძემ და არტიომ შვეცმა 12-12 ქულა მოაგროვეს. “ოლიმპში” 14-14 ქულით რეზო როგავა, ნიკა დარბაიძე და მარკ ოგდენი გამოირჩნენ.

სერის მომდევნო მატჩი 5 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

დელტა – ოლიმპი
სტატისტიკა: 74:69