დელტამ ვერას მესამე პერიოდი 45:5 მოუგო და საბოლოოდ იოლად დაამარცხა

დელტამ ვერას მესამე პერიოდი 45:5 მოუგო და საბოლოოდ იოლად დაამარცხა

სუპერლიგის აუტსაიდერ “ვერას” ცუდი დროება უდგას. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო და მეტის მოგების პერსპექტივაც არ ჩანს. დღეს, ვერელებმა ტრადიციულად პირველი ტაიმი წინააღმდეგობა გაუწიეს მორიგ მეტოქეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო რეალური ძალთა თანაფარდობა. როცა “დელტამ” მოინდომა, პირწმინდად აჯობა ვერას. 

თავად განსაჯეთ: პირველი ნახევარი ვერამ 49:47 მოიგო, ხოლო მესამე პერიოდის 10 წუთი 5:45 (!) დათმო. პერიოდში 40 ქულაზე რომ ადის გუნდი, ეგაა გასაკვირი შედეგი და 40-ქულიანი სხვაობით მოგებული 10-წუთეული უიშვიათესი შემთხვევაა. გურჯაანის დელტამ ეს შეძლო. ირაკლი ძიძიგურის გუნდს წინა 7 მატჩი წაგებული ჰქონდა და უიღბლო სერია ამ სარეკორდო ეპიზოდის თანხლებით შეწყვიტა. მესამე პერიოდის შემდეგ გურჯაანელები 38 ქულას იგებდნენ, თამაშს კი სპორტული ინტერესი დაკარგული ჰქონდა.

საბოლოოდ “დელტამ” 117:80 (სტატისტიკა) მოიგო. გამარჯვებულთაგან 26 ქულითა და 10 მოხსნით გეგი ბაქრაძე გამოირჩა. 19 ქულა და 6-6 მოხსნა-პასი ეივი ტუმერის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ოთარ ფხაკაძემ თავი 18 ქულას, 9 პასს და 8 მოხსნას მოუყარა. ვერაში 30 ქულით საუკეთესო იყო კაიდენ რაისი, რომელიც განაცხადში ერთადერთი ლეგიონერი გახლდათ. ვერელთა მეორე ამერიკელი, დერიკ ნიქსი, ისევე როგორც ტარიელ ზუზაძე, თამაშზე არ იმყოფებოდნენ.