“დელტას” 18 სამქულიანი “დინამოსთან” და რეგულარულ ჩემპიონატში განაღდებული მე-3 ადგილი

“დელტას” 18 სამქულიანი “დინამოსთან” და რეგულარულ ჩემპიონატში განაღდებული მე-3 ადგილი

დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-17 ტური, რომელმაც საკმაოდ ბევრი რამ გაარკვია. ბოლო მატჩში ერთმანეთს “დელტა” და “დინამო” შეხვდნენ. მატჩი ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი “დელტას” სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც ამ გამარჯვებით რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა. დელტელებმა 22 ქულით იმარჯვეს და დინამოელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოიპოვეს. შესაბამისად, ამ მომენტისთვის ამ გუნდებს შორის არსებული 1-ქულიანი სხვაობა დარჩენილ 1 ტურში ვეღარ გაბათილდება.

“დელტამ” შესანიშნავად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. კონტრშეტევები იყო თუ შორი სროლები, დელტელები ორივე კომპონენტში ყოჩაღობდნენ და ამგვარმა კომბინირებულმა შეტევებმა “დინამოს” შანსი არ დაუტოვა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ “დინამოს” ეროვნული ნაკრების წევრი – ტრავმირებული მიხეილ ჭოჭუა აკლდა, თუმცა მოედანზე მყოფმა კალათბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს, მაგრამ უბადლოდ მოთამაშე მეტოქეს ვერ აჯობეს. “დელტამ” განსაკუთრებით შედეგიანად ჩაატარა მეორე ნახევარი და ბოლო პერიოდში 20-ქულიან უპირატესობას რომ მიაღწია, მატჩის ბედიც საფინალო სირენამდე ნაადრევად გაირკვა. აღსანიშნავია, რომ დელტელებმა მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარეს ერთ მატჩში ჩაგდებულ შორ სროლებში და 36 ცდიდან 18 სამქულიანი გამოიყენეს. აქამდელი საუკეთესო შედეგი – 16 სამიანი – “ქუთაისს” ეკუთვნოდა. 

საბოლოოდ 99:77 – რამაც ლაფანაშვილის გუნდს მე-3 ადგილი და მეოთხედფინალურ მეტოქედ მე-6 ადგილოსანთან დაპირისპირება მოუტანა. გამარჯვებულთაგან 29 ქულით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 16 ქულა მოაგროვა მალკოლმ დრამრაითმა, ხოლო საბა ლობჯანიძისა და ერიკ ნოთიჯის ანგარიშზე 14-14 ქულა დაგროვდა. “დინამოში” 23 ქულით საუკეთესო იყო ჯორდან სვოპშირი, დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა. 

სუპერლიგის ბოლო ტური 18, 19 და 20 აპრილს, შესაბამისად რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება. 

დელტა – დინამო
სტატისტიკა: 99:77