დელტას 9-წლიანი სუპერლიგა დასრულდა: გურჯაანის გუნდს სუპერლიგაში დარჩენის შანსი აღარ აქვს

დელტას 9-წლიანი სუპერლიგა დასრულდა: გურჯაანის გუნდს სუპერლიგაში დარჩენის შანსი აღარ აქვს

სუპერლიგის მე-20 ტური დასრულდა და ოფიციალურად გაირკვა: გუნდი, რომელიც 9 წლის წინ გადმოვიდა სუპერლიგაში, “ა” ლიგას დაუბრუნდა. დელტამ დღეს გორში, ივერიონთან 67:92 (სტატისტიკა) წააგო და სუპერლიგიდან ოფიციალურად გავარდა. დარჩენილ მატჩებში თეორიული შანსიც აღარ არსებობს იმისა, რომ დელტამ ბოლო ადგილს თავი დააღწიოს.

სუპელრიგიდან დაქვეითებული გუნდის რეგიონული კუთვნილება აქამდე არ გვიხსენებია, რადგან დელტამ სუპელრიგაში ყოფნის 9 წელიწადში ადგილმდებარეობა 4-ჯერ გამოიცვალა. 2016-2017 წლების სეზონში სუპერლიგაში რომ აღზევდა, გუნდი მარნეულის გახლდათ. მარნეულის დელტამ 2017-2018 წლების სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის დარჩა.

2018-2019 წლების სეზონში დელტა თბილისში გადმობარგდა და ბევრისთვის მოულოდნელად სუპერლიგის ჩემპიონი გახდა. მომდევნო სეზონში კლუბმა სახელი დელტაც დათმო და ცხუმ-აფხაზეთის სახელით დაიწყო ასპარეზობა. მოქმედი ჩემპიონი 2019-2020 წლების სეზონში ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო და შესაძლოა, სუპერლიგიდან გავარდნილოყო, რომ არა კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და ჩაშლილი ჩემპიონატი.

2023-2024 წლების სეზონიდან გუნდმა დაიბრუნა სახელი დელტა, ოღონდ გურჯაანში გადავიდა და ბოლო 3 სეზონია, სუპელრიგაში კახეთის წარმომადგენელია. სუპერლიგის მიმდინარე სეზონში გურჯაანის დელტამ 18 მატჩიდან 15 წააგო და ბოლო ადგილისთვის, ანუ “ა” ლიგაში დასაბრუნებლად გაიწირა. კახეთი არ რჩება გუნდის გარეშე – თელავს გუნდები როგორც სუპერლიგაში, ისე “ა” ლიგაში ჰყავს. თუმცა “ა” ლიგის თელავურ გუნდს ვერ ჰქონდა ხეირიანი სეზონი და რეგულარულში მე-5 ადგილზე გასვლის გამო მომავალი სეზონის წინ საკვალიფიკაციო რაუნდის მოგება მართებს “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. 

გურჯაანის დელტას სუპერლიგაში “ა” ლიგის გამარჯვებული ჩაანაცვლებს, რომელიც ან კასპის გრიფინი იქნება, ან თბილისის ლიბერთი. “ა” ლიგა ფინალურ სერიამდეა მისული, რომელიც სამ გამარჯვებამდეა და ხვალ, 2 აპრილს, კასპში დაიწყება.