დევისის 32 ქულა და კაკტუსის გამარჯვება თსუ-სთან

დევისის 32 ქულა და კაკტუსის გამარჯვება თსუ-სთან

თსუ-მ ვერ ისარგებლა ლიდერი “ბათუმის” წაფორხილებით და მორიგი მარცხის შემდეგ კვლავ მეორე ადგილზე დარჩა. 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მთავარი მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი დაუბრუნდა, თუმცა ეს ბონუსი თსუ-სთვის წარმატების მომტანი ვერ აღმოჩნდა. “კაკტუსმა”, რომელიც პირველი წრის შემდეგ ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო, სიჩქარე აკრიფა, დღეს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ თსუ-საც სძლია და ცხრილის შუაში მყარად დამკვიდრდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა დიდებულად ითამაშა, ტოლი არ დაუდო ცხრილში ბევრად მაღლა მყოფ მეტოქეს და გადამწყვეტ ეპიზოდში გამოჩენილი შესაშური შედეგიანობის დახმარებით ჩემპიონატში მე-7 გამარჯვება იზეიმა – 81:73 (სტატისტიკა).

“კაკტუსის” გამარჯვება თუკი ვინმეს დამსახურებაა, ეს უპირველესად მაიკ დევისია. ამერიკელი უკანახაზელი კაკტუსელებმა პირველი წრის შემდეგ დაიმატეს და მას შემდეგ ჟღენტის გუნდმა შედეგები ერთიორად გააუმჯობესა. დღევანდელი მატჩი კი დევისის სასუპერლიგო პიკი იყო. მაიკმა შეხვედრაში ყველაზე მეტი – 32 ქულა ჩააგდო, საიდანაც 11 – მატჩის ბოლო 5 წუთზე მოდის. აღნიშნულ პერიოდში დევისმა 3 სამქულიანი ჩააგდო და თანაბრად მიმდინარე შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე “კაკტუსი” 13 ქულით დააწინაურა – 81:68. მატჩის ბედიც აქ გაირკვა. თსუ-მ ბოლო 5 თამაშიდან მეოთხედ წააგო და პირველი წრის შემდეგ 3 ქულით მოლიდერემ პირველობა “ბათუმს” დაუთმო. 

დევისს 32 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 6 პასი და 6 ჩაჭრა ჰქონდა. 20 ქულით გამოირჩა ჯასტინ ევერეტი, 9 ქულა და 6 მოხსნა კი ირაკლი ბეშქენაძის ანგარიშზე დაგროვდა. თსუ-ში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე. 14 ქულა ერთბაშად 3 კალათბურთელს დაუგროვდა – გიორგი კორსანტიას, სანდრო სანაძეს და ჯიბრილ ფოლკნერს.

სუპერლიგის მე-15 ტური კვირას, 8 მარტს, 2 მატჩით დასრულდება. ოლიმპიური სასახლეში “ცხუმ-აფხაზეთი” “ქუთაისს” დაუპირისპირდება, “ტიტები” კი – “დინამოს”.