დღეს ზუსტად ასი წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოში პირველი კალათბურთის ფარი გამოჩნდა. იყო ფეხის ადგმის ეპოქა; საბჭოეთში თვითდამკვიდრების მრავალწლიანი მონაკვეთი; დამოუკიდებელ რელსებზე გადასვლა; ნაკრების ოთხი ევრობასკეტი და ევროპის ჩემპიონატის თბილისში დაბრუნება – 2022 წელს.
თუმცა ქართული კალათბურთის ასწლეულში არის ერთი სეზონი, რომელიც მთელი ეპოქის ტოლფასია – 1961-62 წლებში თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა თასი მოიგო. ბევრისთვის ეს, შესაძლოა, წარმოუდგენლად ჩანდეს, მითუმეტეს თუ იმასაც დავამატებთ, რომ ნახევარფინალში მოსკოვის ცსკა შინაც დაამარცხა, სტუმრადაც, ხოლო ფინალში მადრიდის „რეალს“ სძლია.
ფინალური მატჩი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 1962 წლის 29 ივნისს გაიმართა. ეს თარიღი არა მხოლოდ ქართული კალათბურთის, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.
ეს რეალობაა. დაუჯერებელი რეალობა.
გზა ჟენევამდე
თბილისის „დინამომ“1961-62 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში პირველ წრეში დაისვენა, 1/16 ფინალში ბუქარესტის „სტიაუას“ დაუპირისპირდა… მოდით ფინალის გზა დინამოელთა კაპიტან გურამ მინაშვილთან ერთად გავიაროთ. „პირველ მატჩში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა, ყველაფერი თბილისში უნდა გადაწყვეტილიყო. განმეორებითი მატჩის წინ „სტიაუა“ დიდი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა: გუნდის გამოცდილი ლიდერი, გამთამაშებელი მიჰაი ნედეფი თვითმფრინავით არ მგზავრობდა. ნედეფი საქართველოში მატარებლით ჩამოვიდა და მატჩის წინ თანაგუნდელებსაც შეუერთდა. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, სულ ტყუილად იწვალა – რუმინელებს თბილისშიც მოვუგეთ (82:77) და ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გავედით,“ – იხსენებდა გურამ მინაშვილი.
„თურქეთში მცხოვრები ქართველები მატჩის დასრულების შემდეგ კალათბურთელებს შემოგვეხვივნენ და საქართველოს შესახებ შეკითხვები დაგვაყარეს. გვითხრეს, ხმამაღლა ვერ გგულშემატკივრობდით, რადგან გვეშინოდა დიდი სხვაობით არ წაგეგოთ და არ შევრცხვენილიყავითო. მიუხედავად იმისა, რომ “დარუშაფაკაში” იმ დროისთვის თურქეთის საუკეთესო კალათბურთელები შეკრიბეს და არაფორმალურ თურქეთის ნაკრებად აქციეს, მაინც დამაჯერებლად დავამარცხეთ (80:67). თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა მატჩის ბოლოს ემოციები ვეღარ შეიკავეს და ჩვენთან ერთად გაიხარეს.“
მოსკოვური შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა. გადამწყვეტ მომენტში კი მეტი სიმტკიცე ქართველებმა გამოიჩინეს და ცსკა მისსავე მოედანზე 4 ქულის სხვაობით დაამარცხეს – 75:71. 22 ქულით ბომბარდირი ვლადიმერ უგრეხელიძე გახდა.
„განმეორებითი შეხვედრის წინ დაირხა ხმა, თითქოს ჩვენზე ზეწოლა განხორციელდა და თამაშის დათმობა დაგვევალა. ეს ყველაფერი სსრ კავშირის საკეთილდღეოდ უნდა გაგვეკეთებინა, რადგან იმ დროისთვის ცსკა ჩემპიონთა თასის მოქმედი მფლობელი იყო და ფინალში იგი უკეთ დაიცავდა ტიტულს.
პასუხად, მინდა დაბეჯითებით ვთქვა: ასეთი ზეწოლა არ ყოფილა, ნამდვილად არავის მოუთხოვია თამაშის წაგება. თბილისშიც გავიმარჯვეთ (77:66) და ფინალის საგზური მოვიპოვეთ.“
დიდი დავა გამოიწვია 1962 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის გამართვის ადგილმა. წესითა და რიგით, გუნდებს შინ და გასვლაზე უნდა ეთამაშათ, მაგრამ ესპანეთში ფრანკოს რეჟიმი იყო, რომელსაც მტრული დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა კავშირთან და ესპანელებმა ქართველების მადრიდში შეშვებაზე უარი თქვეს – ვიზები არ მისცეს. მათთვის სულ ერთი იყო, დინამოელები ქართველები იყვნენ თუ რუსები, ესპანეთში საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ.
ფიბა ორივე მხარესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და საბოლოოდ გადაწყდა – ვერცხლის კალათის მფლობელი ერთ მატჩს გაერკვია. შეხვედრისთვის ნეიტრალური ქვეყანა, შვეიცარია (ქალაქი ჟენევა) შეირჩა.
„მატჩის დასაწყისში ავყევით ესპანელთა ტემპს. ეს მართლაც დიდებული სანახაობა, ელვისებური კომბინაციები, ზესწრაფი გადაცემები, ბურთის თვალშეუვლები ქროლა, რაღაც წარმოუდგენელ ეფექტს ქმნიდა.
მაყურებლები მოუსვენრად ხტოდნენ ადგილებზე, დარბაზი ბორგავდა, ღელავდა და ანგარიშმიუცემლად მიჰყვებოდა თამაშის რიტმს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ფიბა-ს ხელმძღვანელმა ჯონსმა განაცხადა, რომ მას ოცდაათი წლის მანძილზე არ უნახავს ასეთი ლამაზი, ასეთი აზარტული და ამავე დროს კორექტული ბრძოლა“.
ძალა ქართული
ჟენევაში „დინამო“-„რეალის“ დაპირისპირებას ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდა გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც თავის დას ემოციური შინაარსის წერილი გამოუგზავნა:
„ძვირფასო ლიდა, გუშინ გაიმართა აქ შეჯიბრი კალათბურთელების, ქართველების და ესპანელების, პირველობისთვის ევროპაში. გაგებული გექნება: გაიმარჯვეს ქართველებმა, შვიდი პუნქტით გაუსწრეს ესპანელებს (90:83).
მარცხი ესპანელებისთვის კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ მათ არ ჰყოლოდათ ზანგი ჰიგტოუერ, გასაოცარი მოთამაშე (83 პუნქტიდან 32 მისია). ქართველები თამაშობდნენ აუღელვებლად, შეწყობილად, მეთოდურად – აქ ჩანდა უთუოდ ხელი მათი მწვრთნელის, ოთარ ქორქიასი. ესპანელებს ეტყობოდათ აღელვება. თამაშობდნენ უფრო ცალკეულად, არც საერთო გეზი ჰქონდათ ჯეროვნად მომართებული. მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია: სისხლი! ეს გამარჯვება ქართველების დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირთაგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი!”
ფინალის ფოტოები 📷
გურამ მინაშვილი (მარცხნივ) და “რეალის”კაპიტანი ხოსე ლუისი (მარჯვნივ)
ვლადიმერ უგრეხელიძე (ბურთით ხელში) და ანზორ ლეჟავა (N10)