დღეს სლოვენიაში საქართველოს ნაკრების ევრომეტოქეები გაირკვევა

დღეს სლოვენიაში საქართველოს ნაკრების ევრომეტოქეები გაირკვევა

დღეს, თბილისის დროით 21 საათზე, სლოვენიურ დაბა პოსტოინას მღვიმეში  ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები იმ 4 ჯგუფში გადანაწილდება, როგორი სახითაც ევროპის პირველობის პირველი ეტაპი ჩატარდება.  
 

პოსტოინას მღვიმე
 
24 საუკეთესოს შორის არის საქართველოც. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. გუნდები უკვე განთესილები არიან საკენჭისყრო კალათებში, სადაც ისინი ევრობასკეტის ბოლო ციკლში ნაჩვენები შედეგების შესაბამისად გადანაწილდნენ. კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და ლიტვაში ჩატარებული ევროპირველობის მომდევნო 3 ადგილის დამკავებელი – საფრანგეთი, რუსეთი და მაკედონია პირველ კალათაში მოხვდნენ, მათი მომდევნო მომდევნო ლიტვა, საბერძნეთი, სლოვენია და ოლიმპიადის მასპინძელი დიდი ბრიტანეთი მეორე კალათაში განთავსდნენ.
 
მესამეში თავი იმ ნაკრებებმა მოიყარეს, რომლებმაც გასულ აგვისტო-სექტემბერში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი წაუგებლად განვლეს: იტალია, ხორვატია, გერმანია და მონტენეგრო.
 
მეოთხე კალათა: ფინეთი, პოლონეთი, უკრაინა და ბოსნია. ამ ნაკრებებს მოგებ-წაგებათა იგივე თანაფარდობა (6-2) ჰქონდათ, რაც საქართველოს, მაგრამ მათ ჩაგდებულ-მიღებული ბურთების უკეთესი შეფარდების გათვალისწინებით დაიმკვიდრეს მეოთხე კალათაში ადგილი.
 
ჩვენს (მეხუთე) კალათაში ბელგია, ლატვია და თურქეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი მათგანი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში არ იქნება. ობიექტურაობა მოითხოვს, ითქვას, რომ მეოთხე კალათაში მოხვედრილი გუნდები დღესდღეობით არაფრით ჯობნიან მეხუთე კალათის წარმომადგენლებს. მეტიც, შეიძლება პირიქითაც იყოს, რაც ჩვენი ნაკრების წისქვილზე ასხავს წყალს.
 

 
ბოლო, მეექვსე კალათაში თავი ჩეხეთმა, სერბეთმა, ისრაელმა და შვედეთმა მოიყარეს. თუკი ტრადიციებზე და სიძლიერებზეა საუბარი, სწორედ სერბეთისა და ისრაელის ნაკრებები არიან ყველაზე სახიფათო და უხერხული მეტოქეები III, IV და VI კალათებიდან. ვარაუდებს აქ თავი ვანებოთ და დაველოდოთ დღევანდელ საღამოს დაგეგმილ კენჭისყრას, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი, ფიბა-ევროპის კომისარი მერაბ რატიშვილი დაესწრებიან.
 
პოსტოინას მღვიმეში გასამართ კენჭისყრას 600-ამდე დამსწრე ეყოლება. მღვიმეში იქნება ევრობასკეტის მონაწილე 24-ივე ნაკრების წარმომადგენელი, სტუმრები მთელი მსოფლიოდან და რა თქმა უნდა, კალათბურთის ვარსკვლავები: რადოსლავ ნესტეროვიჩი, პეტერ ვილფანი, ხორხე გარბახოსა, ალექსანდრე ვოლკოვი, იბრაჰიმ ქუთლუაი და ალიოშა ჟორგა. უმთავრესი ევროსაკალათბურთო მოვლენის გასაშუქებლად პოსტოინას მღვიმეში დაგეგმილ ღონისძიებაზე 150 ჟურნალისტია აკრედიტირებული.
 
ევროპის ჩემპიონატი მომავალ წელს, 4-დან 22 სექტემბრის ჩათვლით სლოვენიის ოთხ ქალაქში – იესენიცში, კოპერში, ცელიესა და დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართება.
 
I კალათა
ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, მაკედონია
 
II კალათა
ლიტვა, საბერძნეთი, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი
 
III კალათა
იტალია, ხორვატია, გერმანია, მონტენეგრო
 
IV კალათა
ფინეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია
 
V კალათა
საქართველო, ბელგია, ლატვია, თურქეთი
 
VI კალათა
ჩეხეთი, სერბეთი, ისრაელი, შვედეთი
 
კენჭისყრის ცერემონიალის ყურება შემდეგ ბმულზე შეგეძლებათ: http://www.fibatv.com/europe