დღეს თბილისში საკალათბურთო სამყაროში ცნობილი ფიგურა – დიდი ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი ჩამოდის. მისი ვიზიტის მიზანი საქართველოში ევროპის ჩემპიონატის პრეზენტაციაა. საბონისი ევრობასკეტ 2011–ის ელჩია და იმ ქვეყნებში დადის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობენ. საქართველოში ჩამოსვლამდე არვიდასი სლოვენიაში, ლატვიაში, რუსეთში და სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებოდა, სადაც საკუთარ ქვეყანაში გასამართი ევროპირველობის პრეზენტაცია მოაწყო.
დაგეგმილია, რომ საბონისი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრსა და ცხადია, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდება. ხვალ, 25 მაისს, არვიდას საბონისი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ევრობასკეტ 2011–ის ოფიციალურ პრეზენტაციას მოაწყობს. საბონისთან ერთად თბილისში ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ჩამოვლენ.