დღეს ზურაბ საკანდელიძის დაბადების დღეა

დღეს ზურაბ საკანდელიძის დაბადების დღეა

დღეს დიდი ქართველი სპორტსმენის, კალათბურთში ოლიმპიური ჩემპიონის, ყველა უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ზურაბ საკანდელიძის დაბადების დღეა. საქვეყნოდ ცნობილი კალათბურთელი დღს 74 წლის გახდებოდა. ზურაბ საკანდელიძე გახლდათ ოლიმპიადის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მომგები ერთადერთი ქართველი კალათბურთელი. მის პატივსაცემად კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ლეგენდარული კალათბურთელი…

 

ზურაბ საკანდელიძე
დაიბადა 1945 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში
გარდაიცვალა 2004 წლის 25 იანვარს თბილისში
1962-1975 წლებში თბილისის „დინამოს” კალათბურთელი
ტიტულები: XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი – 1972 (მიუნხენი); XIX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი – 1968 (მეხიკო); მსოფლიოს ჩემპიონი – 1967; მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1970; ევროპის ჩემპიონი – 1965, 1967, 1969, 1971; ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1973; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1969; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1965; სსრკ თასის მფლობელი – 1969; ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი – 1967; მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი – 1967; საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) – 1967; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1967
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენის კავალერი
1979-1983 წლებში თბილისის „დინამოს” მთავარი მწვრთნელი

1972 წელს, მიუნხენში, საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრებმა პირველად მოიგო ოლიმპიადა. იმ გუნდში ორი თბილისის დინამოელი თამაშობდა: ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია.
ოლიმპიური ჩემპიონების პატივსაცემად ქართული სპორტის მაშინდელმა თავკაცებმა ორიგინალური რამ მოიფიქრეს: თბილისის სპორტის სასახლეში, მეხუთე სექტორის ერთ-ერთ რიგში ჩემპიონებს ორი ადგილი გამოუყვეს. სავარძლები გვარ-სახელებით და მოთამაშეთა ნომრებით დამშვენდა: „ზურაბ საკანდელიძე – #6″ და „მიხეილ ქორქია – #13″.
საკანდელიძის და ქორქიას მეგობრობაზე ლეგენდები დადიოდა. მათი გარდაცვალებაც ძმობის მარადიულ გაგრძელებას ჰგავდა: 2004 წლის 25 იანვარს ქართულმა სპორტმა ზურაბ საკანდელიძე მოისაკლისა, ძალიან მალე, 8 თებერვალს კი მიხეილ ქორქია.
ზურაბ საკანდელიძე ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელებშიც გამორჩეულია, ტიტულებით კი პირველი გახლავთ: არის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის პირველობების (ოთხჯერ) გამარჯვებული.
ის იყო ძალიან სწრაფი, ახასიათებდა ენერგიული დრიბლინგი, საოცარი ნახტომი და თამაშის გრძნობის იშვიათი უნარი. ამიტომაც, თბილისის „დინამოსა” თუ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ზურაბ საკანდელიძე შეუცვლელი იყო – მწვრთნელები მუდმივად სასტარტო ხუთეულში აყენებდნენ და მოედნიდან რამდენიმე წუთით მხოლოდ იმიტომ გამოჰყავდათ, სული რომ მოეთქვა.
სახელოვანი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი, რომელსაც საბჭოთა კალათბურთის წარმატებები უკავშირდება, ასე ახასიათებდა ყველაზე ტიტულიან ქართველ მოთამაშეს: „ზურაბ საკანდელიძე საბჭოთა კალათბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე სწრაფი მოთამაშე იყო. ის კი არ დარბოდა, დაფრინავდა. მისი დაწევა, ბურთის გათამაშების დროსაც კი, არავის შეეძლო. მისი რეაქცია და სისწრაფე აოცებდა მეტოქეებს და მაყურებლებს. ყველაზე უკეთ ეხერხებოდა მოწინააღმდეგის გადაცემის ჩაჭრა და ბურთის ხელში ჩაგდება, რაც ჩვენს გუნდს კონტრშეტევების განსახორციელებლად მშვენიერ შესაძლებლობას უქმნიდა. ჩვენ რომ ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით, ამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ საკანდელიძემ შეასრულა”.

ლეგენდარული კალათბურთელს წლების წინ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით და ჩანახატებითაც გავიხსენებთ…

…მე-6 კლასში ვიყავი, კალათბურთში ვარჯიში რომ დავიწყე. არავის დაუძალებია, უფროსი ძმა – ანზორი დადიოდა და მის შემხედვარეს, მეც მომინდა კალათბურთელობა. თან, დარბაზი ჩვენს სახლთან ახლოს იყო. თავიდან კონკრეტული ფუნქცია არ მქონდა, მწვრთნელი ყველგან მათამაშებდა: მცველიც ვიყავი, გამთამაშებელიც და ცენტრიც. მომეწონა და რიონზე ცურვას კალათბურთის თამაში ვარჩიე.

…მალე ძალიან გამიმართლა: ბატონ სულიკო თორთლაძესთან მოვხვდი, ლეგენდარულ და ბევრი კარგი კალათბურთელის აღმზრდელ მწვრთნელთან. ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ასე მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ იქცეოდა. ნერვებს იმიტომ იშლიდა, რომ სურდა კარგი ადამიანები და ძლიერი სპორტსმენები გამოვსულიყავით.

…ბატონი სულიკო ვერ იტანდა სიზარმაცეს, ვარჯიშის გაცდენაზე კი გიჟდებოდა, შეიძლება ეცემა კიდეც მოსწავლე. თუ მოსწავლეში კალათბურთელის მონაცემებს და ნიჭს შენიშნავდა, არ მოგასვენებდა, არც თავად მოისვენებდა და მაქსიმალურ შედეგს მიიღებდა. მისი დამსახურებაა, რომ დიდი კალათბურთი ვითამაშე – წლიდან წლამდე მზარდა და დიდი სპორტის კარიბჭესთან მიმიყვანა. და როცა ხვდებოდა, რომ მოსწავლე გაიზარდა და თავის პატრონობაც შეეძლო, თავს ვალმოხდილად ჩათვლიდა და სხვაზე გადაერთვებოდა.

…ერთხელ ზედიზედ სამი ვარჯიში გავაცდინე. ვიცოდი მისი ხასიათი, რომ ეს ამბავი უბრალოდ არ ჩაივლიდა. დიდხანს არ „მალოდინა” – შინ მოვიდა, მე არც მიკითხა, პირდაპირ მამაჩემს უთხრა, ნუ იმალება შენი ბიჭი, ხვალიდან ვარჯიშზე მოვიდეს, იცოდე, კაცი უნდა გავხადოო… მერე, როცა მართლა ვითამაშე დიდი კალათბურთი, მამა ხშირად იგონებდა ამ ამბავს. ბატონი სულიკო რომ დიდი მწვრთნელი იყო, ჩემი და მისი კიდევ ერთი მოსწავლის მიხეილ ქორქიას ოლიმპიური ჩემპიონობაც ადასტურებს. ან კოლია დერიუგინი? მისი აღმოჩენილია! იგივე გელა დარსაძე და ზურაბ გრძელიძე…

…პირველ წარმატებას ქუთაისის ნაკრების შემადგენლობაში მივაღწიე. გუნდს, ცხადია, სულიკო თორთლაძე წვრთნიდა, ჩვენ კი საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადა მოვიგეთ. ზურა მხეიძე, იურა სანიკიძე, ზაურ ტყეშელაშვილი, ოლეგ ჩიგოგიძე – აი, ამ და კიდევ ბევრ კარგ ბიჭთან ერთად გავიმარჯვე. მერე მათთან ერთად სხვა შეჯიბრებებიც მოვიგე. კარგი გუნდი გვყავდა…

…15 წლისა თბილისის „დინამოში” ვვარჯიშობდი, პარალელურად კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. დინამოელებთან ერთად ყოფნა ჩემთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო – ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობდი. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ღმერთისგან ბოძებული შანსი იყო და ამ შანსს გამოყენება უნდოდა, თან, იღბალსაც არ უნდა ეღალატა. ყველამ კარგად იცოდა, რომ „დინამოში” მოხვედრა ყველა პატარა ბიჭის ოცნება იყო… რამდენი იმედისმომცემი ახალგაზრდა გაბრუნდა გაწბილებული? მე ძალიან გამიმართლა!

…ანზორ ლეჟავა, ლევან ინწკირველი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ლევან მოსეშვილი, გურამ აბაშიძე, ვალერი ალთაბაევი, რეზო გოგელია, შურა კილაძე – აი, ასეთი ოსტატები იცავდნენ მაშინ „დინამოს” ღირსებას. და ამ შემადგენლობაში ყველაზე უმცროსი მე ვიყავი, მხოლოდ მე ვთამაშობდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

…1962 წელს „დინამომ” ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელი მერქვა, ჩემპიონთა თასის მფლობელი ვერ გავხდი. უკანა ხაზზე ჩემზე ბევრად გამოცდილი კალათბურთელები თამაშობდნენ: კილაძე, ინწკირველი, ალთაბაევი და ამის გამო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი. ჩვენი მწვრთნელი ოთარ ქორქია გამოცდილებს დაეყრდნო და ეს გასაგები იყო. ისე, „დინამომ” მართლა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, სადღეისოდ წარმოუდგენელს! როგორია ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალთან” გამარჯვება? ეს ფანტასტიკა იყო!

…მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა თასის ფინალში ვერ ვითამაშე, „დინამოს” ძირითად შემადგენლობაში სწორედ ოთარ ქორქიას დროს დავმკვიდრდი. ეს 1963 წლიდან მოხდა – ნელ-ნელა გავუშინაურდი გუნდს და ბოლოს, ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, ერთ-ერთ ლიდერად ვიქეცი. ასე რომ არ ყოფილიყო, ნაკრებში არც მიმიწვევდნენ.

…1965 წელს საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმოგზაურეთ, სხვადასხვა ქალაქების ნაკრებ გუნდებს ვხვდებოდით, ოღონდ მოყვარულ კალათბურთელებს. პროფესიონალები იმ დროს ისვენებდნენ. ერთხელ ჰოლივუდში ბანკეტი გაგვიმართეს. სწორედ იქ შემხვდნენ ერთ-ერთი პროფესიული კლუბის წარმომადგენლები. თურმე ტურნეს დროს მაკვირდებოდნენ და მოვეწონე. კონტრაქტიც შემომთავაზეს. ხვდებით ალბათ როგორ დასრულდა ის შეხვედრა. 19 წლის ვიყავი, არც ოჯახი მყავდა, მაგრამ მაინც გამორიცხული იყო იქ დარჩენა და თამაში. ისეთი დრო იყო, ჩემი გაპარვის შემთხვევაში ოჯახს გააწამებდნენ…

…როცა ამერიკულ ტურნეს ვიხსენებ, რატომღაც თვალწინ, პირველ ყოვლისა, გუდრიჩი წარმომიდგება. ეს იყო ერთი ადგილობრივი გუნდის ნაკლებად ცნობილი მცველი, რომლის დარი მანამდე არ მინახავს. როგორი სიტუაციაც უნდა ყოფილიყო მოედანზე, ის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პოულობდა. ასე სრულყოფილად დაეუფლო თამაშის ხელოვნებას, ეს მხოლოდ უდიდესი ტრადიციების მქონე საკალათბურთო სამყაროშია შესაძლებელი!

…1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადის წინ, საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატებისგან შეიკრა გუნდი, რომელმაც იმ წლის საკავშირო ჩემპიონატში უკონკურსოდ ითამაშა. იმ გუნდში ვიყავი მეც და ზუსტად ამიტომ ვერ გავხდი ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი, რომელიც ჩემმა „დინამომ” მოიგო. ნაკრების კანდიდატთა გუნდის ერთადერთი მიზანი შეთამაშება და ოლიმპიადისთვის უმაღლეს დონეზე მომზადება იყო. „დინამოს” მაშინდელ შედეგს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენი კრებული ჩემპიონატის სრულფასოვანი მონაწილე რომ ყოფილიყო, „დინამო” ჩემპიონატს ვერ მოიგებდა. მე ხომ, ფაქტიურად, „ვარსკვლავთა გუნდში” ვთამაშობდი, მარტო ცსკა-დან ჩვენთან ვალინოვი, ლიფსო, კორნეევი, სელიხოვი და ტრავინი იყვნენ, იმ დროისთვის მართლა მაგარი კალათბურთელები.

…მეხიკოში მესამე ადგილზე გავედით. ნახევარფინალში იუგოსლავიას შევხვდით და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეგვეძლო მათთან გამარჯვება, დავმარცხდით. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი.

…ყველაზე ღირსსახსოვარი მატჩი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ცხადია, მიუნხენის ოლიმპიადის ფინალი. ეს იყო ჩემი სპორტული კარიერის მწვერვალი, უფრო სწორად ჩემი და მიშა ქორქიას კარიერისა. ათჯერ რომ მოიგოს სპორტსმენმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, ერთადერთი ოლიმპიური ოქრო გადასწონის. რომ ვიხსენებ რა თამაში მოვუგეთ ამერიკელებს, თავი სიზმარში მგონია! ზღაპარი იყო!

…ამერიკელებთან ურთულესი შეხვედრა გადავიტანეთ, თუმცა ამას ველოდით კიდეც. ვიცოდით, რომ ისინი ოლიმპიადის მთავარი ფავორიტები იქნებოდნენ. ფინალში საქმე ისე წავიდა, კვლავ ოქროს გარეშე უნდა დავრჩენილიყავით. წამებიღა რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, წინ იყვნენ, ქულას გვიგებდნენ. ბურთს ჩვენ ვფლობდით, სერგეი ბელოვმა ჩემსკენ გამოგზავნა ბურთი, მაგრამ ეს პასი ამერიკელმა მაკენზიმ ჩაჭრა. მე მაკენზის გავეკიდე, დავეწიე, წინ დავხვდი და შევეჯახეთ ერთმანეთს. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო დრო შემეჩერებინა, ამერიკელებს ბურთი არ შეენარჩუნებინათ და ეს შევძელი კიდეც. მოკლედ, ხავსს ვეჭიდებოდით. მაკენზიმ ჯარიმები ისროლა და თამაში ჩვენ განვაახლეთ. მოგვიანებით ჩემს აკიდებულ ჯარიმას „ოქროს ფოლი” უწოდეს და დღესაც ასე იხსენიებენ. იმ ჯარიმამ მოგვცა უმცირესი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წარმატების რეალური შანსი. სამად სამი წამი რჩებოდა შეხვედრის დასრულებამდე, კალათბურთში კი, თქვენც კარგად იცით, ეს ძალიან დიდი დროა. სასწაულის იმედად ვიყავით და წამოიდგინეთ, მოხდა კიდეც ეს სასწაული! ბურთი ჩვენ შემოვიტანეთ, ივან ედეშკომ საშა ბელოვს გადააწოდა – უზუსტესი პასი იყო, ბურთმა მთელი მოედანი გადასერა და საჯარიმოს მისადგომთან მდგარ ბელოვს მიუვიდა. მანაც ზუსტად ისროლა და ორი ქულა მოგვიტანა. მეტი არც გვინდოდა – 51:50 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!

…ამერიკელებმა გააპროტესტეს, ბელოვმა რომ ისროლა, ძირითადი დრო ამოწურული იყოო. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის და ოლიმპიური კომიტეტის თავკაცები კარგა ხანს ბჭობდნენ, რა გადაწყვეტილება მიეღოთ. ჩვენ, მოთამაშეები და მწვრთნელები გასახდელში ვისხედით და რამდენიმე საათს ველოდით საბოლოო გადაწყვეტილებას. ყველაფერი ფიბა-ს პრეზიდენტის ჯონსის პოზიციამ გადაწყვიტა – მან დაასაბუთა, რომ ბელოვის სროლის შემდეგ გაისმა შეხვედრის დასრულების მაუწყებელი სიგნალი. შუაღამე იყო, როცა დარბაზში გვიხმეს და ოქროს მედლებით დაგვაჯილდოვეს!

…მიშა ქორქიამ ის ფინალი ვერ დაასრულა – ხუთი პერსონალური შენიშვნა მიიღო და ამიტომ. მწვრთნელებმა მიშას ამერიკელი ჯონსონის გამოთიშვა დაავალეს, ძალიან ძლიერი კალათბურთელი იყო. ქორქიამ დავალება ხუთიანზე შეასრულა – მართალია თვითონ გამოეთიშა ფინალს, სამაგიეროდ, მეტოქეც სკამზე დასვა. ჯონსონის გასვლის შემდეგ შედარებით ამოვისუნთქეთ.

…ოლიმპიური ჩემპიონი რომ გავხდი, დიდი სტუმრიანობა იყო ჩვენს ოჯახში. მორიგი სუფრის დროს მამამ მითხრა, რა ვიცოდი შვილო ამხელა კალათბურთელი და ოლიმპიური ჩემპიონი თუ გახდებოდი, თორემ სახლს გავყიდდი და ეზოში ოქროს კალათას ჩამოგიკიდებდიო…

…კალათბურთიდან ისე წავედი, გულშემატკივრის სტვენა არ მახსოვს. ვცდილობდი ქომაგთა მეხსიერებას სწრაფ, მებრძოლ, საკუთარ თავში დარწმუნებულ სპორტსმენად შემოვრჩენოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ძველებურად ვერ ვთამაშობდი, გულშემატკივრებს ახსოვდათ ძველი „საკო” და ტაშით მაჯილდოვებდნენ. 1973 წელს ნაკრებიდან წავედი, ორ წელიწადში კი თბილისის „დინამოც” დავტოვე.

…არაერთ ძლიერ მეტოქესთან მითამაშია. ყოველთვის კარგი მოთამაშეები ჰყავდა მოსკოვის ცსკა-ს, მაგრამ ყველაზე პრინციპული მეტოქეობა ლიტველ პაულაუსკასთან მქონდა. საშა და სერგეი ბელოვებსაც ვახსენებ, ღირსეულად თამაშობდნენ. უცხოელი მეტოქეებიდან სამ იუგოსლავიელს გამოვარჩევ: დანეუს, ჩოსიჩს და დალიპაგიჩს. ჩვენ, როგორც წესი, ერთმანეთს ვიჭერდით.

…გამორჩეულად გავიხსენებ იუგოსლავიელ კორაჩს. მართალია მის წინააღმდეგ პერსონალურად თამაში არ მიწევდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან შთამბეჭდავი კალათბურთელი იყო, ლამაზი და ეფექტური! მისით ყველაზე ძალიან მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოვიხიბლე, სასწაულებს ახდენდა!

…თანამედროვეები? მაიკლ ჯორდანის დონის კალათბურთელი არ დაბადებულა და მეეჭვება მომავალში ვინმემ აჯობოს. თუ გაუტოლდება ვინმე, თორემ მისი მჯობნი? გამორიცხულია!

…საქართველოს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში ოთარ ქორქიას, გურამ მინაშვილს, ვლადიმერ უგრეხელიძეს, ნიკოლოზ დერიუგინს და მიხეილ ქორქიას დავასახელებ. ჩემი თავი? არა, იყოს როგორც არის. რა, ეს გუნდი სუსტია? ყველას მოუგებდა!

…ამერიკული კალათბურთი ნომერ პირველია და ასეთად დარჩება ძალიან დიდხანს. იქ ბავშვები ხუთი წლიდან ბურთთან არიან, თამაშით იზრდებიან… ჩვენგან განსხვავებით იქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფიზიკურ მომზადებას, ტექნიკურ მხარეს… ათი წლის ბიჭები ტექნიკურად ზრდასრული კალათბურთელები არიან და მერე მხოლოდ ხვეწენ ოსტატობას. რაც შეეხება ძალასა და გამძლეობას, არახალია, რომ შავკანიანებს ეს გენეტიკურად მოსდევთ. ამერიკულ კალათბურთში ღირსეულად დამკვიდრება რამდენიმე ევროპელმა შეძლო და მეეჭვება მომავალში მათი რიცხვი გაიზარდოს.

…სხვა სახეობებიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი. სანამ საბოლოოდ გადავწყვეტდი კალათბურთელობას, ქუთაისში სერგო კუტივაძის და რეზო ძოძუაშვილის მხარდამხარ ვთამაშობდი… წლების შემდეგ, როცა მე საკალათბურთო, რეზო კი საფეხბურთო „დინამოში” ვთამაშობდით, დიღმის ბაზაზე ძოძუაშვილს ერთი-ერთზე გავეჯიბრე. ძლივს მომიგო 5:4. კარგა ხანს ვეხუმრებოდი, რა სუსტი ყოფილხარ, ჯორჯ ბესტს და დრაგან ჯაიჩს როგორ იჭერდი-მეთქი…

…სპორტში რაც მსურდა ყველაფერი მოვიგე. ნაკრებთან ერთად ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გავხდი… ჩვენ დროს საკავშირო ნაკრები მართლა ძალიან ძლიერი იყო და მედალს მედალზე იგებდა, მეც იმ გუნდის ძირითადის მოთამაშე ვიყავი… 1967 წელს მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშიც დამასახელეს… სპორტულ კარიერაზე გული არ მწყდება – ყველაფერი იდეალური იყო!

გამოყენებულია msy.gov.ge-ს მასალები