“დინამო” პირველი ფინალისტია

“დინამო” პირველი ფინალისტია

“დინამომ” ბოლო წუთებში 9-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა რუსთავში მასპინძლებს და დრამტულ ფინალში, უკანასკნელ წამებზე ქულით იმარჯვა. ამ მოგებამ დავით თორთლაძის გუნდს ფინალის საგზური მოუტანა.

…საფინალო სირენას 4 წამი აკლდა, საჯარიმოს ხაზზე კი რუსთაველთა ლიდერი, ამ თამაშში 25 ქულისა და 23 მოხსნის მომგროვებელი აკაკი დვალიშვილი იდგა. “დინამო” ქულას იგებდა და მასპინძლებს ჩინებული შანსი ჰქონდათ მატჩის მოსაგებად. ამის საფუძველს დვალიშვილის ზუსტი მიზანი იძლეოდა – აკაკის თუნდაც ამ სეზონში აქვს ბოლო წამებზე საჯარიმოები ჩაგდებული, ხოლო უშუალოდ ამ შეხვედრაში მანამდე ექვსივე საჯარიმო გამოეყენებინა. რუსთაველების სამწუხარდ დვალიშვილმა ორივე სროლა ააცილა და დინამოელებმა ფინალში შეაბიჯეს. დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი სროლები კი ააცილა, მაგრამ რომ არა მისი ყოჩაღობა, მასპინძლების საქმე სავარაუდოდ მანამდე მოთავდებოდა. პირველი მატჩის დარად დვალიშვილის გარდა კვლავ ერთადერთი რუსთაველი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. ლევან დოლიაშვილმა 11 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა და მისი დამსახურებაც იყო, რუსთაველები მოგებასთან ასე ახლოს რომ მივიდნენ.მასპინძლები გამარჯვბასთან მართლაც ახლოს იყვნენ. საფინალო სირენამდე სამიოდ წუთით ადრე “რუსთავი” 9 ქულით იგებდა, თუმცა თორთლაძის გუნდმა მოახერხა გაბათილება, რაც გუნდური თამაშის შედეგად მოხდა. თუმცა აუცილებლად გამოსარჩევია შალვა კაკაურიძის სამქულიანი, რომლითაც “დინამომ’ სირენამდე 50 წამოთ ადრე ანგარიში გაათანაბრა. მერე დაცვაში იყოჩაღეს თორთლაძის შეგირდებმა და შეტევის უფლება მოიპოვეს. თამაში საკუთარ თავზე აიღო გივი ბაქრაძემ, რომელიც რუსთაველთა ფარქვეშ შეჭრილი ჯარიმით შეაჩერეს. გივიმ 1 სროლა ჩააგდო და თავისიანები ქულით დააწინაურა. რუსთაველებს თამაშის გადასარჩენად 15 წამი ჰქონდათ და ფარნაოზ გურულის საშუალო დისტანციიდან ნასროლი მიზანს ასცდა. ფარიდან ასხლეტილი ბურთი დვალიშვილმა მოიპოვა და მასზე დაჯარიმდნენ, თუმცა ამ უმნიშვნელოვანესი სროლების გაცუდების ამბავი თავში წაიკითხეთ…“დინამო” ფინალშია და ელის “ენერჯისა” და “აკადემიას” შორის გამარჯვებულს, რომლებიც ნახევარფინალურ სერიას ხვალ იწყებენ