“დინამომ” ჩემპიონატის მეორე მარცხი “მგზავრებთან” განიცადა

“დინამომ” ჩემპიონატის მეორე მარცხი “მგზავრებთან” განიცადა

სუპერლიგის დღევანდელი მატჩები გვარიანი მოულოდნელობით დაიწყო. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა “დინამომ” ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო. დინამოელებს მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი მატჩი, ისიც 1 ქულით, ქუთაისში ჰქონდათ წაგებული, ხოლო დღეს ირაკლი ხოშტარიას გუნდმა მეორე შეხვედრა “მგზავრებთან” დათმო.

შეხვედრის პირველმა პერიოდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, ხოლო მეორეში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” იძალეს და მეტოქეს ჯერ 10 ქულით გაექცნენ, შემდეგ კი, დიდი შესვენებისთვის 42:29 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდიდან ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს (51:53), მაგრამ “მგზავრებმა” ლიდერობა არ დათმო. მესამე მეოთხედის შემდეგ ბერიშვილის გუნდი 60:55 იგებდა.

გადამწყვეტ პერიოდში თანაბარი თამაში გაგრძელდა. “მგზავრების” კალათბურთელები უპირატესობას არ თმობდნენ და შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კვლავ 5 ქულით – 63:58 იგებდნენ. ავთანდილ ლომინაშვილისა და ადრიან ბოუის შედეგიანობით “მგზავრებმა” 1 წუთში 5 ქულა მიითვალა და 68:58 დაწინაურდა. დარჩენილ დროში დინამოელებმა ვერაფერი შეცვალეს. ბოლომდე მებრძოლმა “მგზავრების” მოთამაშეებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება მოიპოვეს.

გამარჯვებულთაგან 20 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ავთანდილ ლომინაშვილი. 16-16 ქულა დააგროვეს ადრიან ბოუიმ და კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 11ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. “დინამოში” 18 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. მეორე დინამოელი, რომელმაც 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, ლევან ფაცაცია იყო 11 ქულით.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბუბა ბერიშვილი – „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:

„დინამო“ ფავორიტი გუნდია, შესაბამისად, მაქსიმალურად ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო ასეთი შედეგისთვის. ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, თუმცა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბიჭები დარწმუნდნენ, ნებისმიერ გუნდთან შეიძლება თამაშის მოგება.“

ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„პირველ რიგში, ვულოცავ „მგზავრებს“ გამარჯვებას. ღირსეულად ითამაშეს და თითქმის ყველა კომპონენტში გვაჯობეს.  ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები შემადგენლობის მხრივ, თუმცა ეს არ გვამართლებს. მთელი სეზონი წინაა, ეს მხოლოდ რიგითი თამაში იყო, რომელიც წავაგეთ, ახლა კი მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის. ამ ეტაპზე ეს შედეგი კატასტროფული არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ დღევანდელი თამაშის ხარისხზე და გამოვასწოროთ.“

მგზავრები – დინამო
სტატისტიკა: 75:68