დინამომ ოვერტაიმში იმარჯვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დინამომ ოვერტაიმში იმარჯვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

გუშინ რუსთავში ოვერტაიმით მატჩით დაწყებული ტური დღეს
თბილისში არანაკლები დრამატიზმით და დამატებითი დროით გაგრძელდა.

დღის პირველ შეხვედრაში,
რომელიც ცენტრალური გახლდათ, დაძაბული და საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. ერთმანეთს „დინამო“
და „ქუთაისი“ შეხვდნენ, რომელთა შორისაც გამარჯვებულის გამოვლენას ოვერტაიმი დასჭირდა.

 მატჩი 2 ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველში დინამოელებს
ყველაფერი გამოსდიოდათ და სოლიდურადაც ლიდერობდნენ, ხოლო მეორეში ინიციატივას ქუთაისელები
დაეპატრონნენ და მეორე მეოთხედში 19 ქულით ჩამორჩენილებმა, ეს სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრეს.
მეოთხე პერიოდში, როცა მატჩის დასრულებამდე 5,30 წუთი რჩებოდა, დავით ბარბაქაძემ ორქულიანით
ანგარიში გაათანაბრა – 63:63.

 პირველ ტაიმში დინამოელებმა 15-დან 11 სამქულიანი ჩააგდეს
და სწორედ ამის გამო დაეპატრონნენ სოლიდურ უპირატესობას. 
დიდი შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა
ზონურ დაცვას თავი ანებეს და მეტოქის ერთ-ერთზე აყვანით მათ შორი სროლებით იოლად ქულების
მოხვეჭის წყარო გადაუკეტეს. შესაბამისად, დინამოელთა ლიდერობამაც კლება იწყო და ბოლო
პერიოდში ქუთაისელებმა ანგარიშიც გაათანაბრეს.

 უკანასკნელმა ხუთმა წუთმა დაძაბულად ჩაიარა. ანგარიშის
გათანაბრების შემდეგ „დინამომ“ კვლავ სამქულიანებით სცადა დაწინაურება და ლამარ კარიმის,
ასევე ფლინ კლაიმენის შორი სროლებით 72:66 გალიდერდა. ამას ქუთაისელთა საუკეთესო მოთამაშის,
რიჩარდ მათიაშვილის სამიანი და ალე-იუპი მოჰყვა, რითაც ქუთაისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე
შეამცირეს – 71:72.

 დარჩენილ 2 წუთში ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თბილისელები
წინ გადიოდნენ, ქუთაისელებს კი გათანაბრება უწევდათ. ბოლო წუთზე, როცა „დინამო“
74:71 იგებდა, ლამარ კარიმმა შეტევაში ბურთი დაკარგა, რომელიც თემურ ბაბუნაშვილმა სამქულიანად
აქცია და ანგარიში გაათანაბრა. სტუმრება დინამოელებს მომდევნო შეტევაც ჩაუჭრეს და გიორგი
ბარბაქაძემ საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე „ქუთაისი“ სადებიუტო წუთების შემდეგ პირველად
დააწინაურა – 76:74.

 დინამოელმა იოსებ ლეჟავამ 10 წამში ანგარიში გაათანაბრა
და ქუთაისელებს შესატევად 14 წამი დარჩათ. გიორგი ბარბაქაძე კარგად გაიხსნა, ბურთი
მიიღო და დრიბლინგიც განახორციელა, მაგრამ გამარჯვების ბურთი ააცილა და მატჩი ოვერტაიმში
გადაიზარდა.

 დაძაბული ორთაბრძოლა დამატებით ხუთწუთეულშიც გაგრძელდა.
საჯარიმოებით სტუმრები 79:76 დაწინაურდნენ, რასაც დინამოელი ბექა ჩიკვილაძის ზედიზედ
ჩაგდებული 5 ქულა მოჰყვა და კვლავ „დინამო“ გალიდერდა – 81:79 დასრულებამდე 3 წუთით
ადრე. დარჩენილი წუთები ქულა-ქულაში წარიმართა. ორივე გუნდს საუკეთესო ბომბარდირი გაუვარდა:
ჩიკვილაძემ და მათიაშვილმა 5-5 პერსონალური მიიღეს. ბოლო წამებზე ლამარ კარიმმა სამქულიანი
ააცილა და 2 ქულით ჩამორჩენილ ქუთაისელებს თამაშის გადასარჩენად 10 წამი დარჩათ. საჯარიმოში
შეჭრილმა ბუბა კვიმსაძემ ბურთი დაკარგა, რომელიც დინამოელებმა მოიხელთეს და გამარჯვებაც
მათ დარჩათ – 87:85.

 გამარჯვებულებს 21 ქულით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა, ხოლო
ლამარ კარიმმა პირად ანგარიშზე 19 ქულა ჩაიწერა. ქუთაისელთაგან კი 29 ქულთა და 18 მოხსნით
საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი იყო. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა გიორგი ბარბაქაძემ.

 მომდევნო მატჩში ერთმანეთს თსუ და „ოლიმპი“ დაუპირისპირდებიან.

     ირაკლი ხოშტარია (დინამო): ძალიან სანახაობრივი
თამაში შედგა, მაყურებელთათვის სასიამოვნო მატჩი გამოვიდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს,
პირველი და მეორე მეოთხედებით კმაყოფილი ვარ,თუმცა თამაშის მეორე ნახევარში გუნდს ჩავარდნა
აშკარად შეეტყო. ამის შესახებ მოთამაშეებთან საკმაოდ კატეგორიული საუბარი მექნება.
რაც არ უნდა დიდი სხვაობით იგებდე, როცა იცი რომ მეტოქე არის ქუთაისი, ყოველთვის არის
შანსი რომ სხვაობა აღმოფხვრას და ამისთვის კალათბურთელი მზად უნდა იყოს. ასევე დიდი
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს.

 დავით უსტიაშვილი (ქუთაისი): მივულოცავ დინამოს
გამარჯვებას.გუნდს თავიდან არ ჰქონდა ის ცეცხლი და შემართება, რომელიც მოგებისთის აუცილებებლია.
მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ნაწილობრივ არ გაგვიმართლა,რადგან  მოგება შეგვეძლო. შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა.

ლამარ კარიმი
(დინამო): ძალიან რთული შეხვედრა იყო, მეტოქემ კარგად იასპარეზა.
საინტერესო იყო მთლიანად თამაში, ოვერტაიმიც ნამდვილად დაძაბული იყო.

რიჩარდ მათიაშვილი
(ქუთაისი): მივულოცავ გამარჯვებას მეტოქეს. რაც შეგვეხება ჩვენ
იღბალი რაღაც არ გვწყალობს ბოლო პერიოდი  და
იმედია ეს გამოსწორდება. შეგვეძლო მოგება, მაგრამ ფორტუნამ გვიღალატა.
დინამო – ქუთაისი 87:85