დინამომ სამედიცინო ადვილად დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დინამომ სამედიცინო ადვილად დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ტურის მორიგ შეხვედრაში „დინამომ“ აუტსაიდერი თსსუ იოლად – 90:62 დაამარცხა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და ფავორიტ დინამოელებთან რომ წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდათ, წინასწარ იყო ცნობილი.

მეტნაკლებად თანაბარი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა პირველ მეოთხედში, სანამ დინამოელები თამაშს ააწყობდნენ და დაალაგებდნენ. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი მეტოქის ხარვეზების წყალობით ქულებს იხვეჭდა და ანგარიშში სხვაობაც დიდი არ იყო. პირველი მეოთხედი „დინამოს“ 4-ქულიანი უპირატესობით – 20:16 დასრულდა, რის შემდეგაც ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი მეტი მონდომებით ათამაშდა და დიდი შესვენებისთვის 9 ქულით – 44:35 დაწინაურდა.
მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. დინამოელები ლეგიონერების აქტიურობისა და სიზუსტის ხარჯზე ქულებს იოლად იხვეჭდნენ და მათი უპირატესობაც ნელ-ნელა გამანადგურებელი ხდებოდა. საბოლოოდ ხოშტარიას გუნდმა 28 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და ცხრილში ქუთაისს გაუთანაბრდა.
დინამოელთაგან 10-ქულიანი ზღვარი ოთხმა კალათბურთელმა გადალახა – მილან ოლუიჩმა (19), ლამარ კარიმმა (18), ფლინ კლაიმანმა (15) და ბექა ჩიკვილაძემ (13). რაც შეეხებათ მედიკოსებს, 25 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო ლევან რევაზაშვილი გახლდათ, ხოლო ზურა მაისურაძემ თსსუ-ს 14 ქულა შესძინა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ირაკლი ხოშტარია(დინამო): მადლობა მოწინააღმდეგეს. როგორც ყოველთვის, ჩვენს გუნდს ერთი და იგივე პრობლემა აქვს – თავიდან მეტოქეს ჯეროვნად ვერ ვაფასებთ და შესვენებაზე მოთამაშეებთან მკაცრი საუბარი მიწევს. თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ახალგაზრდებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება.
თენგიზ ფიცხელაური(თსსუ): ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჩვენ კარგად ვიწყებთ ხოლმე, მაგრამ გუნდის ინდივიდუალური თუ ფიზიკური მომზადების დონე არ გვაძლევს საშუალებას სუპერლიგის ასეთ გუნდებთან შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
ბექა ღუდუშაური(დინამო): თავიდან შედარებით სუსტად დავიწყეთ,თუმცა შემდეგ მწვრთნელის მითითებები შევასრულეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ.
ლევან რევაზაშვილი(თსსუ): ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში, ინდივიდუალურად უკეთ ვასპარეზობთ, თუმცა გუნდური თამაში გვიჭირს.
დინამო – თსსუ 90:62