დინამომ თსუ-თან ბოლოს იმარჯვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დინამომ თსუ-თან ბოლოს იმარჯვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგა სპორტის სასახლეშიც განახლდა. მეორე წრის
მატჩებს დღეს თბილისი მასპინძლობს. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს სახელმწიფო უნივერსიტეტის
გუნდი და „დინამო“ დაუპირისპირდნენ.

ცხრილში ეს გუნდები გვერდიგვერდ არიან – „დინამო“ მე-6-ზე,
თსუ კი მე-7 ადგილზეა. შესაბამისად, სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს საკმარისი ინტრიგა
ახლდა. გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტები დინამოელებთან ჩამორჩენას ამცირებდნენ.

თსუ-ელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს ტოლს
არ უდებდნენ. პირველი მეოთხედის 10:20 წაგების შემდეგ სტუდენტებმა მეორე პერიოდი
17:13 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 6 ქულა იყო.

მეორე ტაიმში დინამოელებმა სიზუსტეს უმატეს – ბექა ჩიკვილაძემ
და ამერიკელმა ლეგიონერმა ფლინ კლაიმენმა შორი სროლები ჩააგდეს და ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილი გუნდი 62:49 დაწინაურდა. თსუ-ს მოთამაშეები ცდილობდნენ ანგარიშის შემცირებას,
ყველა მათგანი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ შედეგიანად მოთამაშე დინამოელების გატეხვა გიორგი
ჩხეიძის გუნდმა ვეღარ მოახერხა.

ბოლო წუთებზე თსუ-მ გაიბრძოლა, თამაშის დასრულებამდე
2 წუთით ადრე ჩამორჩენა 4 ქულამდე (60:64) შეამცირა, მაგრამ მეტისთვის ძალა აღარ ეყო.
„დინამომ“ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და ჩემპიონატში მე-7 გამარჯვება
მოიპოვა – 68:60. მოგებულთაგან 18 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ხოლო ფლინ
კლეიმენმა პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა. თსუ-ში 14 ქულით ბომბარდირი კოტდივუარელი
სერჟ ასელაინი გახდა.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს სამედიცინო უნივერსიტეტისა
და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია
(დინამო): საკმაოდ საინტერესო მატჩი გამოდგა. მეტოქემ ყველა კომპონენტში  სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია. ბევრი შეცდომა
გვქონდა, მაგრამ  ჩვენი გუნდი ნელ-ნელა შევა
სასურველ ფორმაში და უკეთ იასპარეზებს. ვცდილობთ ახალგაზრდა მოთამაშეები მაქსიმალურად
დავტვირთოთ, თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე  მთავარია
შედეგია. სამწუხაროდ ტრავმების გამო  გუნდში
ბევრი პრობლემა  შეგვექმნა. ლეჟავა და ოლუიჩი
მხოლოდ 10 დღეა რაც ვარჯიშობენ. ვიმედოვნებ ბიჭები თანდათან  უფრო და უფრო მოუმატებენ თამაშს.

გიორგი ჩხეიძე
(თსუ): ვულოცავ ,,დინამოს“ გამარჯვებას. თამაში ძალიან დაძაბული
გამოდგა და მატჩის ბედი მხოლოდ ბოლო წუთებზე გაირკვა. ვფიქრობ შეიძლებოდა ამ მატჩის
მოგება, თუმცა ჩემი შეცდომების გამო მარცხი განვიცადეთ. ბოდიშს ვუხდი ჩემს გუნდს და
გულშემატკივარს.

სოსო ლეჟავა(დინამო):
თსუ-მ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მე და ოლუიჩმა დღეს ნამდვილად სუსტად ვიასპარეზეთ.
დავეთანხმები მწვრთნელს, რომ ჩვენმა გუნდმა დღეს ბევრი შეცდომა დაუშვა.

ვახტანგ ჩქარეული
(თსუ): მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვება დინამოს გუნდს.
რაც შეგვეხება ჩვენ, ვფიქრობ  ბიჭებს კიდევ
უფრო უნდა მოგვენდომებინა. ბოლო 10 დღეა არ გვივარჯიშია და ჩვენი მარცხის ერთ-ერთი
მთავარი მიზეზიც ეს ფაქტიც გახდა.