დინამოს სენსაციური გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დინამოს სენსაციური გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

„არმიამ“ და „დინამომ“ ერთმანეთში სეზონის ყველაზე დაძაბული
და დრამატული მატჩი ითამაშეს. ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრის
ბედი მატჩის ბოლო წამზე გადაწყდა. 

დინამოელთა 19 წლის ფორვარდმა გიორგი ორმოცაძემ თავისი
მთელი საამმატჩო მონაგარი – 3 ქულა – შეხვედრის ბოლო წამზე ჩააგდო და თავის გუნდს
67:66 გაამარჯვებინა. 

 მატჩის ბოლო წამებზე ყველაფერი ძალიან დრამატულად და
ემოციურად წარიმართა. კალათბურთში იშვიათად ხდება, როცა გუნდს 4-ქულიანი ჩამორჩენა
5 წამში გაებათილებინოს და ძირითად დროში მოეგოს. დინამოელებმა ეს სწორედ „არმიასთან“
მატჩში მოახერხეს.

 მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე გიორგი გამყრელიძემ
2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და „არმია“ 64:60 დააწინაურა. დინამოელმა ბექა ჩიკვილაძემ
სწრაფი ორქულიანი ჩააგდო და სირენამდე 6 წამით ადრე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
დინამოელებმა უმალვე ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და დასრულებამდე 5,1 წამით ადრე საჯარიმოს
ხაზზე არმიელთა ბომბარდირი (25 ქულა) გიორგი შარაბიძე დადგა. არმიელთა ცენტრმა ორივე
ტყორცნა ჩააგდო და თავისიანები 66:62 დააწინაურა.

 დინამოელთა თავკაცმა ირაკლი ხოშტარიამ წუთშესვენება
აიღო, რის შემდეგაც მისმა გუნდმა ბურთი ცენტრიდან შემოიტანეს. დინამოელებმა პასი პირდაპირ
ფარქვეშ მყოფ ქიენ კარტერს მიაწოდა, რომელმაც ბურთი ჰაერში დაიჭირა და მიწაზე დაუშვებლად
ჩააგდო – 64:66 დასრულებამდე 4 წამით ადრე. წუთშესვენების შემდეგ ბურთი ცენტრიდან გამყრელიძემ
შემოიტანა, რომელიც პასს ბესიკ ლეჟავას აწვდიდა, თუმცა გიორგი ორმოცაძემ ჩაჭრა, ნახევარი მოედანი
გადალახა და სირენამდე 1 წამით ადრე ორქულიანი ხომ ჩააგდო, თან ირაკლი საყვარელიძე
მასზე დაჯარიმდა – 66:66.

 ასეთ კრიტიკულ მომენტში, უდიოდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის
თანხლებით, 19 წლის ახალგაზრდამ საჯარიმოც ჩააგდო და „დინამოს“ სენსაციური გამარჯვება
მოაპოვებინა – 67:66. ორმოცაძეს ბოლო წამამდე 7, 36 წუთი ჰქონდა ნათამაშები, რის განმავლობაშიც
1 სამქულიანი ჰქონდა აცილებული. მას სულ რაღაც 4 წამი დასჭირდა, მატჩის გმირი რომ გამხდარიყო.

 დინამოელთაგან 20 ქულით ბომბარდირი ბექა ჩიკვილაძე გახდა,
ხოლო ქიენ კარტერმა 18 მიითვალა. „არმიას“ კი შარაბიძემ ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი
შეასრულა – 25 ქულა, 10 მოხსნა, ხოლო ბესიკ ლეჟავამ შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

 ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო მატჩი 25 აპრილს,
სპორტკომპლექს არენაში, 20 საათზე გაიმართება. მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი
გაიმართება ხვალ რუსთავში, სადაც ადგილობრივი გუნდი „ქუთაისს“ უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია
(დინამო): ვფიქრობ დღვანდელ მატჩში ძალიან გაგვიმართლა. კალათბურთი
იმტომ არის საინტერესო რომ თამაში ბოლო წამამდე გრძელდება, რაც დღეს მოხდა ასეთი რამ
იშვიათად ხდება.  დიდი მადლობა ჩემს გუნდს ასეთი
ბრძოლისთვის თავდადებული თამაშისთვის. თავიდან ცუდად დავიწყეთ და იყო შეცდომები, რომლებიც  აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

კოტე ტუღუში
(არმია): მიჭირს საუბარი. რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ძალიან
დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ, ფაქტობრივად მოგებული თამაში წავაგეთ. სერია ორ მოგებამდე
გრძელდება და წინ საინტერესო შეხვედრა გველის. მთავარი ახლა იმ ფსიქოლოგიური ბარიერის
გადალახვაა, რაც ჩვენ გუნდს აქვს. რაც შეეხება ,,დინამოს”, ჩემი აზრით გუნდი სწორედ
ახლაა სრულყოფილ ფორმაში.

გიორგი ორმოცაძე
(დინამო): სერიაში პირველი თამაში მოვიგეთ. გაგვიმართლა, იმედია
მორიგი შეხვედრა აქამდე არ მივა.

გიორგი გამყრელიძე
(არმია): ძალიან რთული მატჩი იყო, საოცარი თამაში წავაგეთ. იმედია
ფსიქოლოგიურად გავუძლებთ და მორიგ შეხვედრას სასურველი შედეგით დავასრულებთ.

არმია – დინამო 66:67 
შსს აკადემია – სოხუმი  84:66
ოლიმპი თსუ 99:64