დონეცკური ტურნირის მოგებით “ჰიუნდაიმ” 15–წლიანი ტრდიცია დაარღვია

დონეცკური ტურნირის მოგებით “ჰიუნდაიმ” 15–წლიანი ტრდიცია დაარღვია

თბილისის „ჰიუნდაი“ უკრაინაში დასრულებული მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია. დონეცკმა 13–წლამდელთა გუნდებს შორის ალექსანდრ შვედჩენკოს ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც ქართულ „ჰიუნდაისთან“ ერთად უკრაინული, რუსული და ბელარუსული გუნდები ასპარეზობდნენ. ლაშა თოიძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა ტურნირზე ოთხივე შეხვედრა მოიგეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
 
გადამწყვეტი მატჩი ქართველებმა მასპინძელ დონეცის გუნდს მოუგეს, რითაც 15–წლიანი ტრადიცია დაარღვიეს. რაც ეს მემორიალი იმართება, მისი გამარჯვებული მხოლოდ მასპინძელი „დონეცკი“ ხდებოდა. „ჰიუნდაიმ“ გადამწყვეტი მატჩი მასპინძლებს 54:46 მოუგო, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ბერდია ქავთარაძე გახდა.
 
ქართული გუნდი თბილისში შაბათს, გამთენიისას დაბრუნდება, დღეს კი ლაშა თოიძეს დონეცკში შევეხმიანეთ, რომელმაც მემორიალის დეტალები გვიამბო.

 
– გადამწყვეტი შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მეორე მეოთხედში 12 ქულას ვაგებდით, თუმცა მობილიზების, გუნდური თამაშისა და შეუპოვრობის ხარჯზე საბოლოოდ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ.
– მატჩის ბედი როდის გაირკვა?
– ბოლო წუთებზე. ზემოთნახსენები 12–ქულიანი ჩამორჩენა მეორე მეოთხედშივე გავაბათილეთ და დიდ შესვენებაზე უკვე 2 ქულას ვიგებდით. მეტოქემ მესამე პერიოდში გვაჯობა  და გადამწყვეტი ათწუთეულის დაწყებამდე ისევ ჩამოვრჩით. ბოლოს დაცვამ გვიშველა, რამაც შეტევაშიც ხელ–ფეხი გაგვიხსნა და ჩვენი უკანახაზელების ძალისხმევით საწადელს მივაღწიეთ.
– ვის გამოარჩევდით?
– არავის გამორჩვა არ მინდა, ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი ბერდია ქავთარაძე დაასახელეს, რომელმაც დონეცკელებს 28 ქულა ჩაუგდო.
– სხვა მოთამაშეებმა რამდენი ქულა ჩააგდეს?
– ბითაძე 10, კაკუბერი 8, ფიფია 6 და მაჭავარიანი 2. ალექსანდრე კაკუბერმა მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა, ხოლო გოგა ბითაძე ტანმაღალ მოთამაშეთა შორის გამოარჩიეს. ყველა მათგანს ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
– თბილისში როდის ბრუნდებით?
– პარასკევ საღამოს მოვდივართ და შაბათ გამთენიისას თბილისში ვიქნებით. წამოსვლამდე ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გველის. დონეცკის საკალათბურთო სკოლებში ინსტრუქტორად ჩამოსულია სერბი სპეციალისტი მიოდრო ბოიკოვიჩი, რომელმაც ჩვენი გუნდისთვის ვარჯიშის ჩატარება შემოგვთავაზა. ბოიკოვიჩმა გვითხრა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის მეგობარია და ქართველებზე ბევრი კარგი სმენია. მის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით და დღეს ბოიკოვიჩი „ჰიუნდაის“ ვარჯიშს ჩაუტარებს. თბილისში ამაღლებული განწყობით ვბრუნდებით. ჩვენი წარმატებების ფონზე საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში გამარჯვებებს მიაღწიეს „ჰიუნდაის“ 18 და 16–წლამდელთა გუნდებმა, რომლებსაც ტრავმის გამო თბილისში დარჩენილი ნიკო ჩრქეზიშვილი ხელმძღვანელობს.