დრამა თბილისი არენაზე: ივერიონმა ბათუმი 95:94 დაამარცხა და სერია გაათანაბრა

დრამა თბილისი არენაზე: ივერიონმა ბათუმი 95:94 დაამარცხა და სერია გაათანაბრა

საოცარი მატჩი გაიმართა დღეს თბილისი არენაზე, რომლის დარიც მიმდინარე პლეი ოფში ჯერ არ ყოფილა. „ბათუმისა“ და გორის „ივერიონის“ დაპირისპირება, რომელიც მასპინძელთა დარბაზის დაკავებულობის გამო კვლავ დედაქალაქში ჩატარდა, ძალიან დაძაბული და უაღრესად ემოციური გამოდგა. მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 8-ჯერ დაფიქსირდა, რაც კარგად ასახავს იმ ბრძოლას, რაც მოედანზე ხდებოდა. „ბათუმი“ თითქოს მყარად ფლობდა ინიციატივას, როცა მესამე პერიოდის შემდეგ 7 ქულით დაწინაურდა და მატჩის დასრულებამდე 1:20 წუთით ადრეც იმავე სხვაობით, 94:87 იგებდა, თუმცა აქედან დაიწყო „ივერიონის“ დაუჯერებელი გაქცევა.

ბოლო 80 წამი გორელებმა მშრალი ანგარიშით, 8:0 მოიგეს. ჯერ ბრენდონ მილერმა ჩააგდო სამქულიანი, რასაც ბათუმელთა შეცდომა და ენდრიუ ლუისის ორქულიანი მოჰყვა. როცა სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, ენდრიუ ლუისმა ცივი გონებით უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მოათავსა კალათში და „ივერიონი“ 95:94 (სტატისტიკა) დააწინაურა. ბათუმს თამაშის გადასარჩენად დრო კიდევ ჰქონდა, თუმცა ჯეზიაჰ ვესტის ბრწყინვალე დაფარებამ და სოსო გოგნაძის ბოლო მოხსნამ გორელებს მინიმალური, მაგრამ უტკბესი გამარჯვება მოუტანა.

ამ გამარჯვებით „ივერიონმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა — 1:1. „ბათუმიდან“ საუკეთესოები გიორგი ოჩხიკიძე (17 ქულა), გეგი ბაქრაძე (12 ქულა, 11 მოხსნა) და მაირინ ტომასი (10 ქულა, 12 მოხსნა) იყვნენ. რაც შეეხება „ივერიონს“, აქ ყველაფერს ბრენდონ მილერის 40 ქულა და 37-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამბობს, მას მხარი დავით ლომიძემ (21 ქულა) და მატჩის მომგები სროლის ავტორმა, ენდრიუ ლუისმა (17 ქულა) აუბეს. სერია ახლა გორში ინაცვლებს, სადაც მომდევნო მატჩი 29 აპრილს გაიმართება.