დუდა სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა

დუდა სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა

დასრულდა კვიპროსის ჩემპიონატი და ევროპის ყველაზე დიდმა პორტალმა Eurobasket.com-მა ლიგის საუკეთესოები დაასახელა. მოგეხსენებათ, კვიპროსის ჩემპიონატში გასული, არასრული სეზონი დუდა სანაძემ გაატარა. იგი სეზონის დაწყების შემდეგ შეუერთდა ანორთოსისს და გუნდის ლიდერის ფუნქციები იტვირთა. სანაძემ 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 19.5 ქულას ითვლიდა. ანორთოსისი კვიპროსის მომავალ ჩემპიონ აეკ ლარნასთან ნახევარფინალურ სერიაში გამოეთიშა პირველობისთვის ბრძოლას.

დუდა სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეულის პრიზი ერგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ასევე შეიყვანეს ლიგის პირველ, სიმბოლურ ხუთეულში. სანაძე დასახელდა ლიგის საუკეთესო შემტევთა პირველ ხუთეულშიც.

სანაძეს ანორთოსისთან კონტრაქტი დაუსრულდა და ახალი გუნდის არჩევას არ ჩქარობს. ის თბილისში იმყოფება და მომავალი, ეროვნული ნაკრების შეკრების წინ ისვენებს. რაც შეეხება მის მომავალ კლუბს, მისივე თქმით, სეზონის დასრულების შემდეგ არსებული შემოთავაზებებიდან მისთვის საუკეთესო კლუბს შეარჩევს.