დუდა სანაძე: ვეცდები ის ნდობა გავამართლო, ნაკრებში გამოძახებით რომ გამომიცხადეს

დუდა სანაძე: ვეცდები ის ნდობა გავამართლო, ნაკრებში გამოძახებით რომ გამომიცხადეს

იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც წელს პირველად მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში, ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე დუდა სანაძეა. მას არც სისწრაფე დაეწუნება და არც დრიბლინგი, მაგრამ სანაძის მთავარი კოზირი მაინც სროლაა. ამაში იგი მამამისს, გია სანაძეს დაემსგავსა, რომელიც ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სნაიპერად ითვლება. სანაძე ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში 23 ივლისს შეუერთდება, მანამდე კი იგი მონაწილეობას ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებს. ახალგაზრდული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე სათამაშოდ სლოვენიაში ამაღამ მიფრინავს, სანაძეს კი გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ვესაუბრეთ…
– ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე როგორი განწყობით მიდიხართ?
– მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო მატჩები წავაგეთ, განწყობა მაინც საბრძოლო გვაქვს. სლოვენიაში იმ იმედით მივდივართ, რომ ჯგუფში ლატვიას დამარცხებას მაინც მოვახერხებთ. ბოლომდე ვიბრზოლებთ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთანაც და რა გამოგვივა, ვნახოთ.
– რა იყო ისრაელთან და ესტონეთთან დამარცხების მიზეზები და ნაკრებს თუ აწუხებს ისევ ის პრობლემები?
– მიზეზი არაერთი იყო. მთავარი ალბათ ის არის, რომ ჩვენს ნაკრებს სიმაღლის პრობლემა აქვს. ყველაზე ტანმაღალი კალათბურთელი 203 სანტიმეტრია, როცა ჩვენს მეტოქეებს 210 და კიდევ უფრო მაღალი რამდენიმე კალათბურთელი ჰყავდა. ასე იქნება ევროპის ჩემპიონატზე. ასეთ დროს, როცა მეტოქე ფარზე გჯობნის და შენზე 20 მოხსნით მეტს აკეთებს, ძალიან ძნელია, მას უკანა ხაზიდან თამაშით აჯობო.
– გამოდის, ტანმაღალი მოთამაშეები თუ არ გყავთ, წასაგებად ხართ განწირულნი?
– რა თქმა უნდა, ეგრე არ არის. მთავარი შეთამაშება და ბოლომდე, გულით თამაშია. გუნდური სულისკვეთებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ესტონეთში დამარცხების მიზეზები ისიც იყო, რომ მასპინძლებმა საორგანიზაციო საკითხები ჩვენს საზიანოდ მოაწყვეს. სადაც მატჩი იმართებოდა, იქიდან 3 საათის სავალზე ვცხოვრობდით. ანუ თითო თამაშისას მარტო გზას 6 საათი ვანდომებდით. გადაღლილები ვიყავით და ამიტომაც წავაგეთ.
–  საბოლოოდ როგორი მომზადებულები მიდიხართ ევროპის ჩემპიონატზე?
– საკმაოდ კარგი მომზადებულები ვართ. მართალია, ჩვენი გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. შეტევაში პრობლემა არ გვაქვს, 70 ქულაზე მეტს სულ ვაგდებდით, მაგრამ დაცვა არ გვივარგოდა. ბოლო პერიოდში სულ დაცვაზე ვიყავით ორიენტირებულნი და ამ კომპონენტის დასახვეწად ბევრს ვვარჯიშობდით. ძალიან გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოვიდეთ და ამისთვის თავს არ დავზოგავთ. ინტერნეტში მატჩების ონლაინ-ტრანსლაციები იქნება და გულშემატკივრებს ვთხოვ, გვიყურონ და ნახონ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
– ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდები…
– ნაკრებში გამოძახება ძალიან გამეხარდა. იმედი მქონდა, რომ გამომიძახებდნენ, რადგან მანამდე ლაპარაკობდნენ, გაახალგაზრდავების პროცესი იწყებაო. სუპერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდად დამასახელეს და ამან იმედი უფრო გამიძლიერა.
– შენს გარდა კიდევ არაერთი ახალგაზრდა მიიწვუიეს და მათზე რას იტყვი?
– უმეტესობასთან მითამაშია და ვიცი, რომ ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები არიან. ეროვნულ ნაკრებში ყველას არ იძახებენ და ეს პირადად მე კარგად მესმის. ამიტომ, ვცდილობ, დავაფასო ეს ნდობა და იმას, ვინც შანსი მომცა, იმედი გავუმართლო.

– ნაკრებში შენს კონკურენტებად ვის თვლი?
– 20-წლამდელთა ნაკრების ოთხივე კალათბურთელი უკანახაზელია. შესაბამისად, ამათ შორის კონკურენცია იქნება. პირადად ჩემს პოზიციაზე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობს, რომლისგანაც ვარჯიშებზე ბევრ რამეს ვისწავლი. „კანტუს“ მატჩებს ხშირად ვუყურებდი იმის გამო, რომ მარკოიშვილის თამაში მომწონს. მინდა, დაცვაში მასსავით კარგად ვითამაშო, ასევე შეტევაშიც დამაჯერებელი ვიყო.
– გასული სეზონი თბილისის „დინამოში“ გაატარე. მომავალში რას აპირებ?
– ჯერჯერობით სერიოზული არაფერია. ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯიდან მაქვს მოწვევა, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ. წინ მაქვს 20-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატი და ეროვნული ნაკრების ვარჯიშები.
– ამერიკის კოლეჯში წასვლას საქართველოს სუპერლიგაში თამაში არ გირჩევნია?
– ამერიკაში თამაშის უპირატესობა ის არის, რომ იქ კალათბურთელი ინდივიდუალურად უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, პირადად მე სწორედ ინდივიდუალური კომპონენტების დახვეწა მჭირდება, თორემ საქართველოს ჩემპიონატის დონე უფრო მაღალია. ვფიქრობ, მომავალი სეზონი სუპერლიგაში წინამორბედზე უფრო საინტერესო იქნება.