დუდა სანაძის 20 ქულა და მისი ოლივეირენშეს დასანანი მარცხი მადეირასთან

დუდა სანაძის 20 ქულა და მისი ოლივეირენშეს დასანანი მარცხი მადეირასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულმა დუდა სანაძემ თავის კლუბში პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩი გამართა და საუკეთესოც იყო. ქართველი უკანახაზელის მონაგარს ეშხს მხოლოდ “ოლივეირენშეს” წაგება უკარგავს, რომელიც სანაძის გუნდმა კუნძულ მადეირაზე, ამავე სახელწოდების გუნდთან ბოლო წამებზე განიცადა – 82:84

სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:19 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. დუდამ 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი შედეგიანობით ისროლა ორიანებიც. საბოლოო ჯამში ქართველი ლეგიონერი თავის კლუბში საუკეთესო იყო. 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა შონ მილერმა, ხოლო შარშან ქართულ “მეგა ბასკეტში” მოთამაშე კორი სანდერსმა “ოლივეირენშეს” 13 ქულა შესძინა.

13 მოგებითა და 8 მარცხით სანაძის გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 8 მარტს, მე-3-ზე მყოფ “პორტოსთან” სტუმრად გამართავს.