დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ

დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ

დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ მხოლოდ 1 ნახევარფინალისტის ვინაობა იყო ცნობილი. A ჯგუფში 2-დან 2 მოგებით პირველობა და პლეი ოფის საგზური განაღდებული ჰქონდა ზესტაფონის “მარგვეთს”, რომელიც დღეს ისვენებდა, ხოლო ამ ჯგუფის ბოლო მატჩს, რომელშიც გურჯაანის “დელტა” “რუსთავს” ხვდებოდა, სატურნირო მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. ჩვენც მივყვეთ იმ ჯგუფებითა და მატჩებით, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით 3 ნახევარფინალისტი გამოავლინა და დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები დააწყვილა.

C ჯგუფი
ბათუმი vs კავკასია

სტატისტიკა: 98:91

ეს გახლდათ თანაბარი გუნდების ჯახი, რომელიც თანაბარ ბრძოლაში რომ დაიწყო, ასევე დასრულდა. გუნდების ძალთა თანაფარდობა აშკარად თანაბარი იყო და ცხადი გახლდათ, რომ გამარჯვებული ბოლო წუთებამდე არ გაირკვეოდა. ლიდერი 16-ჯერ შეიცვალა, თანაბარი ანგარიში კი 14-ჯერ დაფიქსირდა. 

პირველი პერიოდი ბათუმელებმა 22:20 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 6 ქულამდე გაზარდეს. მესამე ათწუთეული კავკასიელებმა ზუსტად 6 ქულით – 27:21 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. ანგარიში თანაბარი იყო ბოლოსწინა წუთზეც, თუმცა რომელიმე გუნდს უნდა გამართლებოდა და ეს ბათუმი აღმოჩნდა. უფრო ზუსტად, კავკასიელებმა 2 შეტევა გააცუდეს, ბათუმელებმა კი ჩასაგდები ჩააგდეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

ბათუმელთაგან ყველაზე შედეგიანი ოთარ ბულიავა გახლდათ: 16 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა. 17 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა ლუკა კალატოზიშვილმა, დაველ რობის ანგარიშზე 18 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა. ჰანტერ ბოუდიმ ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. კავკასიაში 22 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო ლუკა კალატოზიშვილი, 18 ქულა გრეგ ფარჰემმა დააგროვა.

ნახევარფინალში გასული ბათუმი 5 ოქტომბერს ზესტაფონის მარგვეთს დაუპირისპირდება.

B ჯგუფი
გორის ივერიონი vs ქუთაისი 2010

სტატისტიკა: 80:86

სასურველი სხვაობით მოგების შემთხვევაში, გორის ივერიონს ნახევარფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ეს იმდენად რთული მისია გახლდათ, რომ მისი შესრულება შიდაქართლელებისგან გმირობას მოითხოვდა. სუპერლიგის დებიუტანტის კვალობაზე გორელებმა კარგად ითამაშეს და სახელიან მეტოქეს ტოლი არ დაუდეს. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი კარგა ხანს ლიდერობდა, თუმცა არც ქუთაისი ჩამორჩებოდა. არც ერთი გუნდის უპირატესობა 9 ქულას არ ასცილებია, არადა, ივერიონს 17-ქულიანი გამარჯვება ესაჭიროებოდა.

თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები ნახევარფინალში გავიდოდნენ. გორელებმა შეტევებით გული იჯერეს და შეხვედრა შესათამაშებლად, სუპერლიგის წინ გამოცდილების მისაღებად გამოიყენეს. ქუთაისელებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და მოპოვებული გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს. 

ქუთაისში 18 ქულითა და 6-6 მოხსნა-პასით საუკეთესო იყო დეტრეკ ბრაუნინგი. 13 ქულა და 9 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მიითვალა. 14-14 ქულა გიორგი ოჩხიკიძემ და მარქუს გილსონმა გაიფორმეს. გორელთა გუნდში 20 ქულით, 15 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო გეგი ბაქრაძე. 22 ქულა და 8 მოხსნა მეთ ნორმანმა მიითვალა. 

ქუთაისი მემორიალის ნახევარფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ოლიმპი დაამარცხა.

D ჯგუფი
თსუ vs ოლიმპი

სტატისტიკა: 99:95

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ამის მისაღწევად გვარიანი ჯაფა დაადგა. ოლიმპი ახალგაზრდული გუნდია, დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო წლების ამბიციები გვერდზე გადადო და შედარებით ნაკლები გამოცდილების, თუმცა მეტი პერსპექტივის შემადგენლობა შეკრიბა. ახალგაზრდული შემართებითა და ლეგიონერთა დახმარებით ოლიმპმა მოქმედ ჩემპიონ თსუ-ს ბოლომდე ებრძოლა და მირე სენსაციამდე ცოტა დააკლდა.

ბოლო წუთზე ოლიმპმა მაიკლ რაითის მიჯრით ჩაგდებული 2 სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რის შემდეგაც, დროის მოგების მიზნთ ტაქტიკური ჯარიმა აიღო. ნოდარ გოგოძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო და თსუ 98:95 დააწინაურა. ოლიმპელებს შანსი გაუჩნდათ, ზუსტი სამქულიანის წყალობით ანგარიში გაეთანაბრებინათ, თუმცა შეტევაში მყოფმა ნიკოლოზ თოთლაძემ პირით ხაზს დააბიჯა ფეხი და ბურთთან ერთად ნახევარფინალის საგზური თსუ-ს გადაეცა.

გამარჯვებულებს ახალწვეულმა კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, რომელმაც 32 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 13 ქულა და 6 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა, ხოლო გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. ოლიმპში 21 ქულით ბომბარდირი გახდა ენდრიუ ლუისი. 20 ქულა მაიკლ რაითმა, ხოლო 17 – ლუკა ლიკლიკაძემ მიითვალა. 

თსუ-ისა და ქუთაისის ნახევარფინალური მატჩი 5 ოქტომბერს, თბილისი არენაზე, 19:00 საათზე გაიმართება.

A ჯგუფი
რუსთავი vs გურჯაანის დელტა

სტატისტიკა: 78:86

მატჩი, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა. ორივე გუნდმა გასულ ტურებში ზესტაფონის “მარგვეთთან” წააგო და ჯგუფში პირველი ადგილზე გასვლის იმედი გადაიწურა. ერთმანეთთან მატჩი ორივე მათგანს ახალშეკრებილი გუნდის გამოსაცდელად და შესათამაშებლად სჭირდებოდა და ამ მხრივ ეს მატჩი ზედგამოჭრილი გამოდგა.

თანაბარ ბრძოლაში გამარჯვება გურჯაანელებს დარჩათ, რომლის შემადგენლობაშიც დიდებული მატჩი ჩაატარა ბექა ბექაურმა. თსუ-დან დელტაში გადასულმა მეფარემ 30 ქულა, 11 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა. ბექაურმა 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ფარქვეშიდან კი 9-დან 6. 22 ქულა მიითვალა ქუთაისიდან გურჯაანულ კლუბში გადასულმა ჯარვის რეიმ, ხოლო ახალმა ლეგიონერმა, კოუბი დიქსონმა თავი 12 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა. 

რუსთაველთაგან 18 ქულით ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა. 16 ქულა და 8 მოხსნა ჯორდან ჰენდერსონმა მიითვალა. სეთ მაქსველის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.