დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში შსს “ქუთაისს” შეხვდება

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში შსს “ქუთაისს” შეხვდება

ქუთაისის გუნდმა ნახევარფინალის ტოლფას მატჩში 10 ქულის სხვაობით დაამარცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი და დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში 10 ოქტომბერს „შსს“-ს შეხვედება. ამით დასრულდა ტურნირის ჯგუფური ეტაპი – ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალში გავიდნენ, დანარჩენებისთვის კი მემორიალი დასრულებულია.
 მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ეს მხოლოდ მის ბოლო მეოთხედზე ითქმის, რადგან საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში ქუთაისელები აშკარად დომინირებდნენ. ლევან ცეკვავას, რევაზ დიდიას და რაღა თქმა უნდა, რიჩარდ მათიაშვილის ძალისხმევით იმერული კლუბი თავიდანვე დიდი სხვაობით დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ქუთაისელების უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და ზუსტად ამხელა იყო სხვაობა, როცა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა.
 
აქ კი მოინდომეს „მედიკოსებმა“ და მესამე ათწუთეულის დარჩენილ დროში ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირეს. დაიწყო ბოლო ათწუთეული და თსსუ-მ უფრო მოუმატა. კოკა ტომარაძის, მიხეილ ჭოჭუასა და ბექა ჩიკვილაძის მონდომებას ის მოჰყვა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე „ქუთაისის“ ლიდერობა 4 ქულამდე შემცირდა. გიორგი პირველაშვილს შანსი ჰქონდა, „მედიკოსთა“ ჩამორჩენა კიდევ უფრო შეემცირებინა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მან და მისმა თანაგუნდელებმა ვეღარ იმარჯვეს და იმერულმა კლუბმა არსებობის მანძილზე პირველად დუდუ დადიანის ფინალის საგზური მოიპოვა.
 
გამარჯვებულებს ცეკვავამ ულიდერა 19 ქულით, 16 ქულა ჰქონდა რევაზ დიდიას. რიჩარდ მათიაშვილმა 13 ქულა მოაგროვა, თუმცა მის მიერ მოხსნილი 20 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მიმდინარე გათამაშებაში სარეკორდოა.
 
დამარცხებულთაგან ათქულიან ზღვარს მხოლოდ კოკა ტომარაძე ასცდა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. ფინალი ზეგ, დამდეგ ორშაბათს, საღამოს 6 საათზე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება
 
საბოლოო ცხრილი
 
ქუთაის      2          2          0          4
თსსუ             2          1          1          3
რუსთავი      2          0          2          2
 
 
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 8 ოქტომბერი
ქუთაისი 71:61 თსსუ
19:11, 21:12, 15:18, 16:20
ქუთაისი: ფაშაევი (4), ბაბუნაშვილი (3), დიდია (16), ცეკვავა (19ქ, 5პ), დ. ბარბაქაძე (11), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (5), კუჭავა, კოღუაშვილი, მათიაშვილი (13ქ, 20მ, 5დ)
თსსუ: ბაქრაძე (7ქ, 6პ), ტომარაძე (21), ჩიკვილაძე (8), კვეტენაძე, ყველაშვილი (2ქ, 7მ), ბექაური (6), პირველაშვილი (6), გაბისონია (4), აბაიშვილი, ჭოჭუა (7), შვანგირაძე
მსაჯები:  მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, ი. ბერიშვილი
კომისარი: მერაბ რატიშვილი
 

რიჩარდ მათიაშვილმა მედიკოსებს ხუთჯერ დააფარა