დუდუ დადიანის მემორიალზე მაკაბიმ ფავორიტს მოუგო

რუსთავში დაიწყო დუდუ დადიანის მემორიალი, რომელშიც სუპერლიგის ექვსივე მონაწილე გუნდი თამაშობს. ტურნირის პირველ დღეს დაფიქსირდა სენსაცია – “მაკაბიმ” ფავორიტი, “აზოტი” 80:72 დაამარცხა.
ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი სეზონის წინ კი გაძლიერდა, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ “მაკაბი” “აზოტს” მისსავე მოედანზე დაამარცხებდა.
შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო და სტუმრები პირველ მეოთხედში ლიდერობას გიორგი შერმადინის აქტიურობით ინარჩუნებდნენ, “აზოტში” კი რეზო დიდიას თუ მისდიოდა ტყორცნა.
პირველი მეოთხედი “აზოტმა” 2 ქულით დათმო, თუმცა მეორე ათწუთეულში მასპინძლებმა გიორგი გამყრელიძისა და ახალწვეულის, სერბი სტეფანოვის 4-4 ქულით 27:18 დაწინაურება მოახერხეს.
“მაკაბი” იღებს წუთშესვენებას, რასაც გუნდის 10:0 გაქცევა მოყვა. 10 ქულიდან 6, გიორგი შერმადინმა დააგროვა, ხოლო დაცვაში კი “მაკაბის” ცენტრმა ჯერ ბაბიაშვილს, შემდეგ კი სტეფანოვს დაუფარა.
მეორე ნახევარში “აზოტი” უკვე 13 ქულით ჩამორჩა მეტოქეს, თუმცა ძირითადის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასპინძლებმა სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს. ამას კვლავ გიორგი შერმადინის აქტიურობა (ზედიზედ 6 ქულა) მოჰყვა და საბოლოოდ, “მაკაბიმ” მემორიალის გახსნითი შეხვედრა 80:72 მოიგო.
მეორე შეხვედრაში “ვითა” “დინამოს” შეხვდა და იოლი გამარჯვება მოიპოვა.
ზურაბ ტომარაძის “ვითა” თითქმის ყველა გადამწყვეტ ორთაბრძოლას იგებდა, ხოლო ზაზა ცაგარეიშვილის გუნდში კი სროლა თითქმის არავის არ წაუვიდა.
“ვითამ” იმარჯვა და ჯგუფური ტურნირის მეორე შეხვერაში “თბილავიამშენს” დაუპირისპირდება.
“მაკაბი” მეორე შეხვედრაში თსუ-ს შეხვდება და მოგების შემთხვევაში, ხუხაშვილის გუნდი დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.