ძალოვანთა დერბში შსს-მ იმარჯვა(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ძალოვანთა დერბში შსს-მ იმარჯვა(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლო დროის ერთმანეთისთვის ყველაზე პრინციპული მეტოქეები – შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა გუნდები შეხვდნენ.

„შსს-აკადემიისა“ და „არმიას“ დაპირისპირება საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგოს კეცელიდისის გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.
ამ გუნდების წინა დაპირისპირება იანვარში, თასის გათამაშებაზე შედგა, რომელშიც აკადემიელებმა იოლად იმარჯვეს. ამჯერად არმიელებმა მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი თავდაპირველად დაწინაურდა, მაგრამ „შსს-აკადემია“ გუნდურად ათამაშდა და პირველი მეოთხედის ბოლოს წინ გავიდა – 15:14.
მეორე პერიოდმა თანაბრად ჩაიარა. წინ გაჭრილ შსს-ელებს არმიელებმა სწრაფი გარღვევები დაუპირისპირეს. ძირითადად ლაშა გამყრელიძე აქტიურობდა, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულა ჰქონდა. სწორედ მისი შედეგიანობის წყალობით „არმიამ“ დიდი შესვენებისთვის ანგარიში გაათანაბრა – 33:33.
მესამე პერიოდიდან „შსს-აკადემიამ“ უპირატესობა საბოლოოდ მოიპოვა. კირკ არჩიბეკს და დეონტა ვონს ფეხი მერაბ ბოქოლიშვილმა და ბენჯამინ რეიმონდმაც აუწყვეს. შედეგად აკადემიელებმა მესამე პერიოდი 7 ქულით მოიგეს, ხოლო მეოთხე ათწუთეულში კეცელიდისის გუნდის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია. თამაში ისე ჩამთავრდა, რომ „არმიას“ წარმატების შანსი არ მისცემია.
„შსს-აკადემიაში“ საუკეთესო შედეგი კირკ არჩიბეკმა დააფიქსირა – 21 ქულა და 16 მოხსნა. 20 ქულა მიითვალა დეონტა ვონმა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილმა და ბენჯამინ რეიმონდმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს. არმიელთაგან 18 ქულა და 7 პასი ჰქონდა გამყრელიძეს, ზვიად ბაბიაშვილმა 12 ქულა მოაგროვა, ხოლო ლაშა ფარღალავამ – 10.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გეორგის კესელიდისი(შსს აკადემია): ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. ჩემთვის  გამორჩეულად სასიამოვნოა არმიის წინააღდმეგ თამაში,რადგან ეს გუნდი ნამდვილ კალათბურთს თამაშობს და კიდევ უფრო მიხარია, როცა ამ თამაშში ვიმარჯვებ. არმიას ძალიან კარგი მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს და მათ დიდ პატივს ვცემ. დღეს გიორგი გამყრელიძის გაჩერება ვერ მოვახერხეთ და ამან პრობლემები შეგვიქმნა. პირველ ნახევარში ბევრი საჯარიმო ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მეორე ტაიმში გამოვასწორეთ.
კოტე ტუღუში(არმია): პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს ასეთ სერიოზულ თამაშში გამარჯვებას, დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მადლობა გეორგოს კესელიდისს ამ სიტყვებითვის.შსს აკადემია ძალიან ძლიერი გუნდია,ყველაზე  დალაგებულ კალათბურთს თამაშობს. ვფიქრობ, მთავარი ფავორიტია და სწორედ მათი დამარცხება მოგვიწევს, თუ ჩემპიონობა გვინდა. დღეს ბევრი ვიშრომეთ, თუმცა შსს-ს ვერ მოვერიეთ. შეტევაში უფრო მეტი შეცდომა დავუშვით, ვიდრე დაცვაში. ამაზე მუშაობა მოგვიწევს.
ილია ლონდარიძე(შსს აკადემია): ძალიან დიდი მადლობა არმიას დაძაბული და საინტერესო თამაშისთვის. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ.
ლაშა გამყრელიძე(არმია): მივულოცავ მოწინააღმდეგეს. ვეთანხმები მწვრთნელს, რომ შსს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.  ყველაფერი გავაკეთეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ, თუმცა მესამე პერიოდიდან ძალიან ცუდად წაგვივიდა თავდასხმაში თამაში, დაცვაშიც შეცდომები დავუშვით და აკადემიის უპირატესობა ვეღარ შევამცირეთ.
შსს აკადემია – არმია  77:62