ეკა წივწივაძის 6 ქულა კანადასთან წაგებულ Jr.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში

ეკა წივწივაძის 6 ქულა კანადასთან წაგებულ Jr.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში

ეკატერინე წივწივაძისა და მისი გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ამერიკის ქალაქ ორლანდოში მიმდინარე ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალში ევროპა-შუა აზიის გაერთიანებულმა ნაკრებმა კანადასთან შეხვედრა 44:71 (სტატისტიკა) დათმო და ტურნირს გამოეთიშა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, რომელიც ევროპა-შუა აზიამ 15:19 დათმო, კანადელებმა აიწყვიტეს და 23:8 მოგებული მეოთხედის შემდეგ მატჩის ბედი ფაქტობრივად სათავისოდ გადაწყვიტეს. პირველი ნახევრის შემდეგ ჩრდილოამერიკელები 42:23 იგებდნენ, ევროპა-შუა აზიის ნაკრები კი 19-ქულიანი ჩამორჩენის 16 წუთში გამბათილებელი არ ჩანდა.

ქართველ გოგონას ნუგეშად ის თუ ექნება, რომ ეს შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე  მისთვის ყველაზე შედეგიანი იყო. ეკატერინემ 16:03 წუთი ითამაშა და  6 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და თავისიანთაგან უმეტესი – 4 ჩაჭრა მოაგროვა. ევროპა-შუააზიელთა ბომბარდირი 11 ქულით ლიეტუველი ევა პერვანაიტე გახლდათ. 9-9 ქულა მიითვალეს ემა არკამ და უგნე სირტაუტაიტემ.

მსოფლიო კონფერენციის მეორე მეოთხედფინალში ლათინურმა ამერიკამ 44:36 დაამარცხა აფრიკა და ნახევარფინალში კანადას შეხვდება. ამერიკის კონფერენციაში კი ფინალში გასასვლელად ერთმანეთს ცენტრალური და დასავლეთის რეგიონები დაუპირისპირდებიან. ეკატერინე წივწივაძე და მისი ევროპა-შუა აზიის ნაკრები ორლანდოში კიდევ ერთ მატჩს – Positive Finish Game -გამართავს, თუმცა ის ამხანაგური ხასიათის იქნება. 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე წივწივაძე ევროპა-შუა აზრიის ნაკრებში გასულ მაის-ივნისში, იტალიაში გამართული ჯუნიორ ნბა-ს კემპზე შეარჩიეს. მასთან ერთად შესარჩევ კემპზე ქართველი მწვრთნელი, გიორგი რაზმაძე და მოთამაშეები – თენგო გოგიშვილი და ნიკა აბულაძეც იმყოფებოდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველის მოხვედრის პრეცედენტი ზედიზედ მეორეა –  შარშან ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო პირველობაზე ევროპა-შუა აზრიის ნაკრებში ლუკა ალავიძემ ითამაშა.

ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონატის ორგანიზების კუთხით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და გასულ სეზონში ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩატარდა Junior NBA-GBF ლიგა, რომელშიც 1700-ამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობაზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო, ნბა-სთან მოლაპარაკებითა და შეთანხმებით საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2019 წელს პირველად 30-გუნდიანი Junior NBA-GBF ლიგის პარალელურად მეორე ლიგა ჩამოაყალიბა, რომელშიც ასევე 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.