ეკა წივწივაძის გუნდმა JR.NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი თითო მოგებ-წაგებით დაიწყო

ეკა წივწივაძის გუნდმა JR.NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი თითო მოგებ-წაგებით დაიწყო

ამერიკაში, ფლორიდის ქალაქ ორლანდოში სტარტი აიღო Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც თავი მსოფლიოს 40 ქვეყნის 350 რჩეულმა გოგონამ და ვაჟმა მოიყარეს. მათ შორისაა საქართველოს წარგზავნილი ეკატერინე წივწივაძე, რომელიც გასულ მაის-ივნისში სლოვენიაში გამართულ კემზე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამონაწილეოდ ევროპა-შუა აზიის ნაკრებისთვის შეარჩიეს.

ორლანდოში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატში გოგონათა და ვაჟთა 16-16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. გათამაშების ფორმატის მიხედვით ტურნირის მსვლელობისას გამოვლინდება თითო საუკეთესო ნაკრები ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოს რეგიონებიდან. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ამერიკის საუკეთესო ნაკრები დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესოს შეხვდება.

6 აგვისტოს წივწივაძის გუნდს 2 მატჩი ჰქონდა – ლათინურ ამერიკასთან და აფრიკასთან. პირველ შეხვედრაში ევროპა-შუა აზიის ნაკრები 39:53 (სტატისტიკა) დამარცხდა, ხოლო მეორე მატჩი წივწივაძის გუნდმა აფრიკელებს 51:34 (სტატისტიკა) მოუგო. წაგებულ შეხვედრაში ქართველმა გოგონამ 7:13 წუთი ითამაშა და თითო პასი, ჩაჭრა და მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება აფრიკასთან მატჩს, ეკატერინე მოედანზე 9:14 წუთით გამოჩნდა და 2 ქულა მიითვალა. (მატჩების ხილვა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.twitch.tv/videos/463353426##)

ევროპა-შუა აზიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას ინდოეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 8 აგვისტოს, გამთენიისას, 02:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა შეგეძლებათ ნბა-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://www.twitch.tv/nba

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ბადეში ამერიკის მხარეს არიან ნბა-ს დივიზიონის შესაბამისი რეგიონების ნაკრებები: ჩრდილო-დასავლეთი, ცენტრალური, შუადასავლეთი, ატლანტიკა, დასავლეთი, სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი. დანარჩენი მსოფლიოს მხარეს კი არიან: კანადა, ლათინური ამერიკა, ევროპა – შუა აზია, ჩინეთი, მექსიკა, აფრიკა, ინდოეთი და აზია – წყნარი ოკეანე. თითოეული ბადე გამარჯვებულს გამოავლენს და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ამერიკის საუკეთესო ნაკრები დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესოს შეხვდება.

ფოტოზე: #12 ეკატერინე წივწივაძე