“ენერჯი” მესამეა… და დვალიშვილის 31 მოხსნა!

“ენერჯი” მესამეა… და დვალიშვილის 31 მოხსნა!

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ენერჯიმ“ მესამე ადგილისთვის მატჩში „რუსთავს“ მოუგო და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. სპორტის სასახლეში გამართული ეს შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

რუსთაველები რომ პლეი ოფში გავიდნენ, მათი ლიდერის, აკაკი დვალიშვილის დამსახურებაა. რომ იტყვიან, იგი ათრევდა ამ გუნდს და მესამე ადგილისთვის მატჩამდეც მიიყვანა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლო და ბრინჯაოს დათმობა „ენერჯისთვის“ მოუხდა.დვალიშვილმა ძალიან ძლიერად ითამაშა და მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა მოხსნებში. მისი 31 მოხსნა მართლაც შთამბეჭდავი შედეგია და თუ გავითვალისწინებთ, რომ აკაკიმ 30 ქულა, 6 პასი, 4 დაფარება და 3 ჩაჭრაც მიითვალა, ამ მოთამაშის წვლილი რუსთაველთა აქამდე მოსვლაში ცხადი გახდება. მიუხედავად ასეთი კარგი თამაშისა, „რუსთავმა“ ვერ შესძლო „ენერჯის“ დამარცხება. თითქმის მთელი 35 წუთი თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ დუდა სანაძის, გიორგი ელანიძისა და ნიკა მაღრაძის ზუსტმა თამაშმა შეტევაში საბოლოოდ ჩერქეზიშვილის გუნდის უპირატესობა გამოკვეთა. „ენერჯიმ“ სწორედ მაშინ მოიპოვა ხელჩასაჭიდი ლიდერობა, როცა თამაშის ბედი წყდებოდა. როცა საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე თბილისელთა უპირატესობა 10 ქულას ასცდა, ყველაფერი ცხადი გახდა.