ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სპარინგ მატჩს სპორტის მინისტრი დაესწრო

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სპარინგ მატჩს სპორტის მინისტრი დაესწრო

დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს ეროვნულმა და 20-წლამდელთა ნაკრებმა სპარინგ–მატჩი გამართა, რომელიც ეროვნულის სასარგებლოდ – 85:77 დასრულდა.
 
ეროვნულს დავით უსტიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრებს არჩილ ჟღენტი უძღვებოდა.  ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატთა შეკრებაზე მყოფი კალათბურთელებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი შერმადინს და კოტე ტუღუშს არ მიუღიათ. მარკოიშვილი ტრავმირებულ ფეხს მკურნალობს, შერმადინი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხოლო ტუღუში ბარსელონადან ჯერ არ დაბრუნებულა, სადაც, როგორც “არმიას” მოთამაშე მწვრთნელი, ევროჩელენჯის კენჭისყრას ესწრებოდა.
 
 
ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ათმა კალათბურთელმა ითამაშა. ესენი არიან – გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, ლაშა ფარღალავა, ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი და გიორგი შარაბიძე. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ტორინ გრინს, თორნიკე შენგელიას, ვლადიმერ ბოისას და მარკეზ ჰეინესს, ეს კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებს ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში შეუერთდებიან, რომელიც შეკრების მეორე ეტაპს 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
 
20-წლამდელთა შემადგენლობაში შეკრებაზე დარჩენილმა 14-ვე კალათბურთელმა ითამაშა: იოსებ ლეჟავა, გივი ბაქრაძე, ტატო თავართქილაძე, გიორგი ტეტელაშვილი, ბექა ჩიკვილაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, აკაკი ლომოური, ნოდარ თენიეშვილი, დავით დეკანოიძე, გიორგი რევაზიშვილი, აკაკი დვალიშვილი და ბექა ბექაური.
 
 შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ლიტვაში გასამართი (31 აგვისტო – 18 სექტემბერი) ევროპის ჩემპიონატის ფინალური, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელსაც 14–24 ივლისს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს.

ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და სპორტის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი
 

 
 

ვლადიმერ ვარძელაშვილი და ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი ავთანდილ ბერიძე