ეროვნული ნაკრები ტალინშია – ინტერვიუ ნაკრების გენერალურ მენეჯერთან

ეროვნული ნაკრები ტალინშია – ინტერვიუ ნაკრების გენერალურ მენეჯერთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინშია. იგორ კოკოშკოვის გუნდი ტალინში საერთაშორისო ტურნირში სათამაშოდ ჩავიდა. ეროვნულმა ნაკრებმა შეკრების მორიგი ეტაპი დაასრულა, რომელიც ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში გაიარა. იგორ კოკოშკოვმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 5 მოთამაშით შეკვეცა. ეროვნული გუნდი 20–წლამდელთა ნაკრების ხუთმა კალათბურთელმა დატოვა. გვესაუბრება ეროვნული გუნდის გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე, რომელსაც ტალინში დავუკავშირდით
 
– ტალინში დღეს ჩამოვედით. ნაკრები სასტუმრო „შერატონში“ დაბინავდა. გუნდი დღეს ივარჯიშებს და ხვალ ოთხთა ტურნირში ჩაერთვება.
– ავსტრიულმა შეკრებამ რამდენად ნაყოფიერად ჩაიარა?
– საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება იყო. ეროვნულ გუნდს ავსტრიაში ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი, სანდრო ბერკადინოს შეუერთდა, რომელმაც კალათბურთელები საკმაოდ პროდუქტიულად ავარჯიშა. მწვრთნელებმა გუნდი როგორც ფიზიკური კონდიციების სრულყოფაზე, ასევე ტაქტიკურ კომპონენტებში ავარჯიშეს. ნაკრები საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება ტალინის ტურნირს. ხვალ ესტონეთს ვეთამაშებით, ზეგ ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდს, ხოლო მესამე შეხვედრას ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან ჩავატარებთ.
– რამდენი კალათბურთელით ჩახვედით ესტონეთში?
– ეროვნულ გუნდში 14 კალათბურთელია. ესენი არიან: გიორგი ცინცაძე, ჯეიკობ პულენი, კორი ფიშერი, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი, გიორგი შერმადინი და ნიკა მეტრეველი. ზაზა ფაჩულიას მიკროტრავმა აწუხებს და ამერიკაში ინდივიდუალურად ემზადება. იგი ნაკრებს 5 აგვისტოს თბილისში შეუერთდება. დანარჩენმა მოთამაშეებმა, რომლებიც ავსტრიაში იმყოფებოდნენ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრები დატოვეს. ესენი არიან დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ოთო ფხაკაძე, ნოდარ თენიეშვილი და რევაზ როგავა. ამ მოთამაშეებმა ნაკრებთან გარკვეული პერიოდი გაატარეს, რაც მათი მომავლისთვის ძალიან კარგია. ახალგაზრდა მოთამაშეები იგორ კოკოშკოვმა გაიცნო და მთავარმა მწვრთნელმა უკვე იცის იცის, თუ როგორი მომავალი მოდის ჩვენს ნაკრებში.
– მოთამაშეები როგორ ფორმაში არიან.
– ყველა სათანადო კონდიციაში. სამ კალათბურთელს – ჯეიკობ პულენს, აკაკი დვალიშვილსა და ნიკა მეტრეველს მიკროტრავმები აწუხებთ, მაგრამ საგანგაშო არაფერია და ისინი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.