ეროვნული ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია – ინტერვიუ დავით უსტიაშვილთან

ეროვნული ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია – ინტერვიუ დავით უსტიაშვილთან

დღეს, საღამოს 9 საათზე, საქართველოს ნაკრები ლაიფციგში გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. გერმანელებს აღარ ჰყავთ დირკ ნოვიცკი და კრის კამანი, მაგრამ ისედაც საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. საქართველოს ნაკრები ლაიფციგში გუშინწინ ჩავიდა და უკვე 3–ჯერ ივარჯიშა. საქართველოს ნაკრებში დღეს ჯეიკობ პულენი ითამაშებს, რომელზეც მწვრთნელთა შტაბმა არჩევანი უკვე შეაჩერა და თუ რამე არ შეიცვალა, პულენი ოფიციალურ მატჩებშიც მიიღებს მონაწილეობას. ეს ამბავი დავით უსტიაშვილმა გვამცნო, რომელსაც დღეს ლაიფციგში დავუკავშირდით…
 

 
– როგორ ემზადებით გერმანიასთან მატჩისთვის?
 
– ლაიფციგში კარგ სასტუმროში ვართ და სავარჯიშო პირობებიც იდეალურია. გერმანიაში 3 დღეა, ჩამოვედით და სამჯერ ვივარჯიშეთ: გუშინწინ საღამოს, გუშინ – შუადღისას და დღეს – დილას. გუნდში კარგი განწყობაა, ტრავმები არავის აწუხებს. კუნთი ოდნავ აქვს დაჭიმული ზაზა ფაჩულიას, მაგრამ საპრობლემო არაფერია, იგი დღვანდელ მატჩში ითამაშებს.
 
– საინტერესოა, რომელი ამერიკელი ითამაშებს დღეს ჩვენს ნაკრებში?
 
– ჩვენი არჩევანი ჯეიკობ პულენზე შეჩერდა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ იგი ითამაშებს ოფიციალურ მატჩებშიც.
 
– ზოგადად ძირითადი შემადგენლობა ხომ არ გაირკვა?
 
– როგორც იცით, ბექა ბექაური გერმანიაში წამოსვლამდე გამოგვაკლდა. დავრჩით 14–ნი და ასე იქნება შესარჩევი ტურნირის ბოლომდე. კორი ფიშერი და აკაკი დვალიშვილი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ, მაგრამ ისინი თადარიგში იქნებიან. დანარჩენი 12 კალათბურთელი სამატჩო განაცხადს შეავსებს. შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას შეგვეძლება შემადგენლობაში ცვლილების გაკეთება, გააჩნია, მთავარი მწვრთნელი როგორ გადაწყვეტს.
 

ჯეიკობ პულენი საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იქნება
 
– გერმანიასთან მატჩს რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება?
 
– ამ მოსამზდებელ ციკლში ასეთ ძლიერ გუნდთან არ გვითამაშია. გერმანიას აღარ ჰყავს ნოვიცკი და კამანი, მაგრამ მათ გარეშეც ძალიან ძლიერი ნაკრებია. გერმანელებმა გასულ დღეებში 2 მატჩი ჩაატარეს – ფინეთს და პოლონეთს მოუგეს. ამ მატჩებს ტელევიზიით ვუყურეთ და მინდა აღვნიშნო, რომ გერმანელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ნაკრებში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენენ. ასეთ გუნდთან შეხვედრაში დიდ გამოცდილებას მივიღებთ. კარგი იქნება, თუ მოვიგებთ, მაგრამ დამარცხებისგან ტრაგედიას ნამდვილად არ შევქმნით. მთავარია, ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
 
– როგორ შეაფასებთ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას?
 
– გუნდის პროგრესი აშკარაა. ევროპაში რამდენიმე წაგებული მატჩის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა მოუმატა და თბილისის ტურნირზე ეს კარგად გამოჩნდა. იმას არ ვამბობ, რომ საქმე იდეალურადაა, უბრალოდ, მინდა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას გავუსვა ხაზი. იმედი მაქვს, გერმანიასთან მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრები უფრო მეტად მობილიზებული და შეთამაშებული გახდება. 18 აგვისტოს კი უკვე პირველ ოფიციალურ მატჩს ჩავატარებთ.