ეროვნული ნაკრების ახალწვეული, ოთო ფხაკაძე: ყველაზე მეტად პასის გაცემა მიადვილდება

ეროვნული ნაკრების ახალწვეული, ოთო ფხაკაძე: ყველაზე მეტად პასის გაცემა მიადვილდება

ქართულ კალათბურთთან მოშორებით მყოფმა ხალხმა ეროვნული ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობას თვალი რომ გადაავლო, რამდენიმე მოთამაშესთან ერთად ოთო ფხაკაძის გვარიც ეუცხოვა. ფხაკაძეს უშუალოდ კალათბურთის სამყაროშიც ცოტა თუ იცნობს, რადგან ის 16 წლის იყო, ამერიკაში რომ წავიდა და სამწლიანი შესვენების შემდეგ ქართულ კალათბურთში კვლავ გამოჩნდა. ოთო ფხაკაძეს ნათამაშები აქვს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფხაკაძე ახლა 20-წლამდელთა ნაკრებში ვარჯიშობს და დღეს ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, რისი დასრულების სემდეგაც ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდება. მანამდე კი გავიცნოთ ოთო ფხაკაძე
– სად დაიწყე კალათბურთის თამაში და რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
– ქუთაისელი ვარ და 6 წლის რომ ვიყავი, ბაბუამ სპორტსკოლაში მიმიყვანა, ჩოგბურთზე უნდოდა ჩემი შეყვანა. იმ დღეს რატომღაც ჩოგბურთის მასწავლებელი სპორტსკოლაში არ იყო, სამაგიეროდ დარბაზში კალათბურთის ვარჯიში მიმდინარეობდა და გადაწყვიტა, ბედი სპორტის ამ სახეობაში მომესინჯა. კალათბურთი ძალიან მომეწონა, რაღაც-რაღაცეები გამომდიოდა და იმის შემდეგ სპორტის ეს სახეობა ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა გახდა.
– საქართველოს ჩემპიონატებში თბილური გუნდების შემადგენლობაში გამოდიოდი…
– 12 წლის რომ ვიყავი, ქუთაისის სპორტსკოლიდან 2 კალათბურთელი გამოგვარჩიეს და სავარჯიშოდ ლიტვაში, შარუნას მარჩიულონისის აკადემიაში გაგვიშვეს. ლიტვაში მე და გიორგი კვერნაძემ 1 წელი გავატარეთ და სამშობლოში დავბრუნდით, რის შემდეგაც თბილისში, საკალათბურთო აკადემიაში გადმომიყვანეს. „აკადემიაში“ 3 წელი ვთამაშობდი, რის შემდეგაც, 1 სეზონი 51-ე სკოლის გუნდში გავატარე და ამერიკაში წავედი.

– ამერიკაში კალათბურთის კუთხით წახვედი?
– დიახ… გამიჩნდა შანსი, რომ ერთ-ერთი სკოლის, ეგრედ წოდებული „ჰაი სქულის“ გუნდში მეთამაშა. ამერიკიდან მოწვევა ჩამომივიდა და მეც კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოსთან ახლომდებარე ქალაქ რედინგის სკოლის გუნდში ჩავირიცხე.
– ალღო მალე აუღე იქაურ თამაშს?
– მალე კი ავუღე, მაგრამ თავიდან არ მათამაშებდნენ. საქმე იმაშია, რომ თუკი „ჰაი სქულში“ დამაკმაყოფილებელ დონეზე არ სწავლობ, მწვრთნელს მოედანზე არ გაჰყავხარ. ამიტომ, სანამ სწავლა არ გამოვასწორე, თამაშის საშუალება არ მეძლეოდა. ეს პრობლემა მალე მოვაგვარე და მოედანზეც ხშირად გავდიოდი. ამერიკული კალათბურთი ევროპულისგან ძალიან განსხვავდება. შესაძლოა ადრეულ ასაკში განსხვავება უფრო იგრძნობა, რადგან „ჰაი სქულების“ ჩემპიონატში გუნდები კომბინაციებს თითქმის არ ათამაშებენ. პასი, ბლოკი და უნდა გაეხსნა… გაქვს სივრცე, უნდა შეუტიო. ყველაფერი ძალიან მარტივია. თამაში მიდის ერთი ერთზე.
– როგორი შედეგიანობით თამაშობდი შენ და შენი გუნდი?
– ტრაბახს ვერ დავიწყებ, თუმცა ცუდად რომ მეთამაშა, იქ დიდ ხანს არავინ გამაჩერებდა. ჩვენი გუნდი ხელწამოსაკრავი არ ყოფილა. „რედინგის“ „ჰაი სქულმა“ ერთ-ერთი რეგიონის დივიზიონი მოიგო, რისთვისაც სიმბოლურად ბეჭდებიც კი მივიღეთ. ამის შემდეგ გავედით სრულიად კალიფორნიის ჩემპიონატში, სადაც ყველა დივიზიონის გამარჯვებული გამოდიოდა. იქ პირველი მატჩი მოვიგეთ, მეორეში კი დავმარცხდით და პირველობისთვის ბრძოლად გამოვეთიშეთ. ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი იმ 3 წელიწადში, რაც „რედინგის“ გუნდში ვითამაშე.
– ამ სამი წლის მანძილზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში არაერთხელ გამოგიძახეს, მაგრამ არ ჩამოსულხარ…
– დიახ, 18-წლამდელთა ნაკრებში არ მითამაშია და ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში საზაფხულო სკოლაში მიწევდა სწავლა და ეს იმიტომ, რომ ინგლისურის კარგად არცოდნის გამო ჩემი ასაკის კლასს 1 წლით ჩამოვრჩებოდი. ჩამორჩენა რომ ამენაზღაურებინა, დამატებითი სასწავლო გაკვეთილები უნდა გამევლო. ეს საზაფხულო სკოლაში ხდებოდა და მეც არდადეგების ნაცვლად სწავლით ვიყავი დაკავებული.

– ეხლა რომ ჩამოხვედი, სწავლის პრობლემა აღარ გქონდა?
– არა, ჩამორჩენა წინა წლებში ავანაზღაურე და წელს სკოლა დავამთავრე კიდეც. საქართველოში გამომგზავრებამდე შემოთავაზება მივიღე სტუდენტური ლიგის, ეგრედ წოდებული NCAA-ს გუნდისგან და მომავალი სეზონიდან კვლავ ამერიკაში ვითამაშებ.
– სტუდენტურ ლიგამდე კოლეჯების ჩემპიონატია…
– ეგრეა, მაგრამ თუკი მოწვევა გექნება, აუცილებელი არაა კოლეჯების ჩემპიონატში თამაში. კოლჯში ისინი მიდიან, ვისაც თამაშის დახვეწა უნდა, ანაც სწავლაში მოიკოჭლებს. სხვათა სორის, კოლეჯის გუნდიც მიწვევდა, მაგრამ უნივერსიტეტის სანსი მქონდა და უარი რატომ უნდა მეთქვა?!
– რომელმა უნიერსიტეტმა მიგიწვია და რამდენად ძლიერი გუნდი ჰყავს?
– დასავლეთ ვირჯინიის შტატში მდებარეობს ვერმონტის უნივერსიტეტი, რომელსაც გუნდი  NCAA-ის მეორე დივიზიონში ჰყავს. კალათბურთის თამაშთან ერთად, ვერმონტის უნივერსიტეტში რომელიმე პროფესიას დავეუფლები.
– როდის მიდიხარ ამერიკაში?
– სავარაუდოდ, 10 აგვისტოს.
– მაგ დროს ხომ ეროვნული ნაკრების შეკრება იქნება?!
– თუკი ნაკრებს 10 აგვისტოს მერეც დავჭირდები და ჩათვლიან, რომ გუნდთან ერთად ვიყო, ამერიკაში არ წავალ.ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს და თუკი საჭირო ვიქნები, ჩემს ამერიკულ გუნდს წერილს გაუგზავნიან, რომ ეროვნულ გუნდში ვარ დაკავებული. ეს პირიქით, ძალიან კარგი იქნება ჩემთვის და ამერიკელები პრობლემას არ შემიქმნიან.
– ეროვნულ გუნდში გამოძახებას თუ ელოდი?
– არ ველოდი და ძალიან გამეხარდა, შანსი რომ მომცეს.  
– როგორ ფიქრობ, რატომ გამოგიძახეს ეროვნულ ნაკრებში?
– ალბათ რაღაცას ხედავენ ჩემში. ვიცი, რომ გამთამაშებლებს დიდ ყურადღებას აქცევენ საქართველოში და თუკი ვინმე გამოჩნდება, მას აუცილებლად მისცემენ შანსს. ალბათ უფრო კარგად ნახავენ, თუ რა შემიძლია და გამოვადგები თუ არა ნაკრებს მომავალში.
– შენი აზრით მოედანზე ყველაზე კარგად რა შეგიძლია?
– მიადვილდება ბურთის ტარება და მოედანზე თანაგუნდელის მოძებნა. თუ ვინმე ხელსაყრელ პოზიციაშია, პასს არასდროს ვუგვიანებ.

– სუსტ წერტილზე რას იტყვი?
– შორი სროლა არ მივარგა და სამიანების გამოსწორებაზე აქტიურად ვმუშაობ.
– საქართველოს ნაკრებიდან რომელი კალათბურთელის თამაში მოგწონს?
– გიორგი ცინცაძის. მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად მომიწევს ვარჯიში. ვეცდები, მისგან ისეთი რამ შევითვისო, რაც მომავალში გამომადგება. ასევე მომწონს ვიქტორ სანიკიძისა და ზაზა ფაჩულიას თამაში.
– რამდენიმე კვირაა, 20-წლამდელთა ნაკრებში ვარჯიშობ. 4 საკონტროლო მატჩიც ჩაატარეთ, მაგრამ დამარცხდით. როგორ ახსნი ისრაელსა და ესტონეთთან წაგებებს?
– შეთამაშება გვინდა, რაც დროის ამბავია. უნდა ვითამაშოთ გუნდური კალათბურთი და არ უნდა ვიზრუნოთ პირად სტატისტიკაზე. ვარჯიშებმა და ჩატარებულმა თამაშებმა ნაყოფი უკვე გამოიღო და ეხლა გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე, ვთქვათ 10 დღის წინ.
– როგორ ფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე რა შანსები გვაქვთ?
– მჯერა, რომ ლატვიას მოვუგებთ. ჩვენ ამის ძალა ნამდვილად გაგვაჩნია, მთავარია, ერთიანი ძალებით ვითამაშოთ და ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ. ესპანეთს და თურქეთს გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა მათთანაც მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე.
კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური