ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში და კომენტარები ჩეხეთთან მატჩის წინ

ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში და კომენტარები ჩეხეთთან მატჩის წინ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩის წინ ბოლო ღია ვარჯიში გამართა. მასმედიის საშუალებებს საშუალება მიეცათ, როგორც მოთამაშეებს, ისე მწვრთნელებს გასაუბრობოდნენ.
სამწუხაროდ, ვარჯიშისას ფეხი ამოიბრუნა ოთო ფხაკაძემ, რომლის სტატუსიც ჩეხეთთან მატჩში ამ ეტაპზე უცნობია. გიორგი შერმადინმა კიდევ უფრო აქტიურად ვარჯიში დაიწყო, თუმცა მაინც ინდივიდუალურად მზადება.
ნაკრების შემადგენლობას რაც შეეხება, მწვრთნელი არც ერთ კალათბურთელზე არ ამბობს უარს და გუნდში 15-ივე კალათბურთელი რჩება, რომელთაგან 10 აგვისტოს, ჩეხეთთან მატჩში განაცხადში 12 მოხვდება. ნაკრები ასევე 15 მოთამაშით გაემგზავრება გასვლითი მატჩების ჩასატარებლად.

ახლა კი ჩვენი ნაკრების წევრთა კომენტარები:
 
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ჩეხეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში რამდენჯერმე ვეთამაშეთ. 3 წლის წინ ჩეხებს შევხვდით ტალინში, ამხანაგურ მატჩში და დაძაბულ ბრზოლაში გავიმარჯვეთ. ბოლოს ჩეხეთს ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით. ამ ნაკრებში კარგად არიან შერწყმულნი ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები. მიზანდასახულები არიან და იციან, კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ როგორ ითამაშონ.  ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ემზადება ჩეხეთთან თამაშისთვის…
– სამწუხაროდ, ახლაც გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. ჩვენი ნაკრები სულ ასეა, ხან ვინმეა დაშავებული, ოპტიმალური შემადგენლობა თითქმის არასდროს გვყოლი. ამიტომაც არიან გუნდში ახალი, ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც თანდათან მეტი და მეტი შანსი ეძლევათ. ამიტომ მინდა მასმედიამ უფრო მეტი ილაპარაკოს არა იმ კალათბურთელებზე, რომლებიც გვაკლია, არამედ მათზე, რომლებიც გუნდში არიან…
– არც ერთი მეტოქე არაა სუსტი და იოლად დასამარცხებელი. თუნდაც პორტუგალიასთან და უნგრეთთან ვერ მოიგებ, თუ მაქსიმუმი არ გაიღე. პორტუგალიელებმა უნგრეთის ძლევით დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები, უნგრეთმაც თავის მხრივ რამდენიმე ძლიერ მეტოქეს მოუგო მოსამზადებელ მატჩში. ასე რომ არც ერთ მეტოქეს არ გამოვყოფდი ძლიერისა ან სუსტის ნიშნით“.
კოტე ტუღუში (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): კმაყოფილები ვართ მოსამზადებელი ეტაპით. მართალია, ვიქტორ სანიკიძემ და ზაზა ფაჩულიამ რამდენიმე ამხანაგური მატჩი ვერ ჩაატარეს, მაგრამ ახლა უკვე მზად არიან. როგორც უკვე იცით, ფხაკაძემ ტრავმა მიიღო და 10 აგვისტოსთვის თუ არა, შემდეგ მატჩებში მაინც დაეხმარება ეროვნულ ნაკრებს. ახლა, მთელი ყურადღება ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისკენ გვაქვს მიპყრობილი.
ზაზა ფაჩულია: რთული მატჩები გველოდება, ჩვენი მიზანია, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. სამწუხაროდ, ჩვენ გუნდში გამოცდილი მოთამაშეები დაგვაკლდნენ. მარკოიშვილი, შერმადინი, ჰიკმანი, მათ ძალიან დიდი ევროპული გამოცდილება აქვთ. ვეცდებით მათი არყოფნა მაქსიმალურად შევავსოთ, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ წელს ისინიც დაგვეხმარებიან.
 
თორნიკე შენგელია (ეროვნული ნაკრების წევრი): ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ეს შესარჩევი ეტაპი ძალიან ბევრს ნიშნავს, მეც ვიყავი მათ სიტუაციაში და მსგავს შეხვედრებში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა. რაც შეეხება ჩეხეთთან მატჩს, მარკოიშვილი და შერმადინი ძალიან გვაკლიან, თუმცა ნაკრებმა შარშან ევრობასკეტზეც  დანაკლისით იასპარეზა და ამის მიუხედავად ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მაქსიმუმი გაიღეს. წელსაც ამის გაკეთებას ვაპირებთ. ჩეხეთი ერთ-ერთი ფავორიტია, ისევე, როგორც ჩვენ, თუმცა დაუმარცხებელი არავინ არ არის, თანაბარი შანსები გვაქვს. ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება წინ და მინდა გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოვუწოდო.
გიორგი ცინცაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): პირველ რიგში, მაყურებელს ვთხოვ იაქტიურონ და დარბაზი გაავსონ. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ამ დარბაზში ბოლო 10 წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა წავაგეთ და იმედია, მოვახერხებთ 10-ში იმ თამაშის ჩვენებას, რომელიც გვინდა და ჩაფიქრებული გვაქვს.
ვიქტორ სანიკიძე: “თავს ნორმალურად ვგრძნობ და დიდი ალბათობით, ვითამაშებ. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ახლა, ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით, წინ დიდი ბრძოლა გველოდება. იმედია, გულშემატკივრები ძველებურად მხარს დაგვიჭერენ და საშინაო მატჩებზე მოვლენ”.