ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში ლატვიასთან მატჩის წინ

ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში ლატვიასთან მატჩის წინ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან მატჩამდე ბოლო სრულფასოვანი ვარჯიში გამართა. ხვალინდელ დილის ვარჯიშს მოთელვითი ხასიათი ექნება. ნაკრების წევრების დღევანდელი ვარჯიში კი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. სერბმა სპეციალისტმა კალათბურთელები მრავალ სათამაშო კომპონენტზე ამუშავა.
 

ვარჯიშის დასკვნითი 15 წუთი პრესისა და მედიის წარმომადგენელთათვის ღია იყო, რომლებიც ნაკრების წევრების წინასამატჩო განწყობით დაინტერესდნენ.
ვიქტორ სანიკიძე:
„ლატვიასთან შედარებით მეტი შანსი გვაქვს. ჩვენს ჯგუფში დაუმარცხებელები ვართ და საკუთარ მოედანზე თამაში დიდ უპირატესობას გვანიჭებს.   ლატვია სერიოზული მეტოქეა და ვფიქრობ ბოსნიის გუნდზე ბევრად დალაგებულ თამაშს აჩვენებს. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებთ და ქომაგებს ისევე გავახარებთ, როგორც აქამდე. ვიმედოვნებთ, ხვალინდელ  შეხვედრას უამრავი გულშემატკივარი დაესწრება, რომელიც მხურვალედ უგულშეამატკივრებს  ჩვენს ნაკრებს“.
გიორგი შერმადინი:
„ლატვიის ნაკრები ჩინებული გუნდია, მაგრამ თბილისში ვთამაშობთ და ჩვენს გულშემატკივარს იმედები უნდა გავიმართლოთ. ლატვიელთა თამაშის  ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და გავარჩიეთ. მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურადაც. იმედია, გავიმარჯვებთ და ჩვენი წარმატებით ჩვენს გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გავახარებთ.

ზაზა ფაჩულია:
„გუნდში ამაღლებული განწყობაა. ორივე მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ  წინ 6 რთული შეხვედრა გველოდება. ლატვია კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და ვფიქრობ ბოსნიაზე ბევრად უკეთესად ითამაშებს,  ასე რომ ხვალ დიდი ბრძოლა მოგვიწევს. რაც შეეხება ტრავმას, ბოლომდე მოშუშებული არ მაქვს, თუმცა ვიმედოვნებ რომ სერიოზული არაფერია და მომავალ  მატჩებში ასპარეზობაში ხელს არ შემიშლის“.
მანუჩარ მარკოიშვილი:
„ლატვია ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. აქედან გამომდინარე, ხვალ საკმაოდ სერიოზული ბრძოლა გველის. ლატვიელებმა ბოსნიაში არაფერი დაუთმეს მასპინძლებს და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ბოლომდე, მოსაგებად ითამაშებენ. ამიტომ მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.
 
ჯეიკობ პულენი:
 
„ჩვენი გუნდი კარგადაა მომზადებული, განწყობაც ამაღლებული გვაქვს წინა მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. ბიჭები კარგ ფორმაში არიან და დარწმუნებული ვარ, ჩვენს შესაძლებლობებს ბოლომდე გამომავლენთ და მორიგ გამარჯვებას მოპოვიპოვებთ“.
 
ჩვენმა ნაკრებმა ვარჯიში რომ დაამთავრა, დარბაზში ლატვიელები შემოვიდნენ. ბალტიისპირელებს სპორტის სასახლეში აინარს ბაგაცკისი შემოუძღვა, რომელსაც ჟურნალისტები შინაურივით შეხვდნენ. „სოხუმის“ ყოფილი მწვრთნელი კარგ ხასიათზე იყო და კომენტარებიც ხალისით გააკეთა.
 
 
აინარს ბაგაცკისი, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
 
„გავიმეორებ 2 დღის წინ ნათქვამ სიტყვებს: საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯგუფის უმთავრესი ფავორიტია. იგორ კოკოშკოვის გუნდი უკვე საკმაოდ გამოცდილია და სწორედ ამის ხარჯზე იმარჯვა ბოსნიაში, სადაც ჩვენ გამოუცდელობის გამო დავმარცხდით. ხვალინდელ მატჩს რაც შეეხება, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სანახაობა იქნება. დარბაზი ალბათ შეივსება, კარგ თამაშებზე სპორტის სასახლეში სულ ასეა და ვფიქრობ, საქართველოსა და ლატვიის დაპირისპირებაც არ იქნება გამონაკლისი. სამწუხაროდ, მატჩი ერთმა გუნდმა უნდა მოიგოს და ეს ჩემი რწმენით ლატვია იქნება“.
 

 

 
ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები