ეროვნული ნაკრების თბილისური შეკრება დასრულდა

ეროვნული ნაკრების თბილისური შეკრება დასრულდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თბილისში ფიზმომზადების ვარჯიშები დაასრულა. 25 ივლისს, გამთენიისას, ეროვნული ნაკრები სლოვენიაში მიემგზავრება და დაბა პოდჩეტრტეკში სრულფასოვან შეკრებაზე გადავა, სადაც აქცენტი ტაქტიკასა და ბურთით ვარჯიშზე გაკეთდება.

სლოვენიაში ნაკრებს ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელები – რიკი ჰიკმანი და ლუკ ზელერი შეუერთდებიან. პოდჩეტრტეკში ჩავლენ სამწვრთნელო შტაბის წევრები – ჯეისონ სტოდტი, მეთ ბრეისი და მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი.
სლოვენიაში არ ჩადის თორნიკე შენგელია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ”ბრუკლინ ნეთსის” ქართველ ფორვარდს მუხლი ასტიკვდა და გამოკვლევა საკუთარ კლუბში გაიარა. ექიმების გადაწყვეტილებით, შენგელიამ 3-4 დღე უნდა ივარჯიშოს და თუკი მუხლი კვლავ შეაწუხებს, მენისკის ოპერაციას გაიკეთებს. თუ ამ ფიზიკური დატვირთვების შემდეგ  ტკივილმა არ შეაწუხა, ის ნაკრებს სლოვენიაში სავარაუდოდ პირველი აგვისტოსთვის შეუერთდება.
ნაკრებმა 8-24 ივლისს ფიზმომზადების შეკრება თბილისში ახალი სერბი სპეციალისტის – ალექსანდრ ჩვოროვიჩის ხელმძღვანელობით გაიარა, რომელსაც ავთანდილ ბერიძე ეხმარებოდა. იმ მცირე საკალათბურთო ვარჯიშებს, რომლებსაც მოთამაშეები ასრულებდნენ, კოკოშკოვის ასისტენტი, კოტე ტუღუში უძღვებოდა.
სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ნაკრები 6 აგვისტომდე მოემზადება და გეზს იტალიისკენ აიღებს, სადაც ქალაქ ტრენტოში იტალიასთან, პოლონეთთან და ისრაელთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ნაკრების მოსამზადებელი გეგმის დარჩენილ განიგს ქვემოთ გაეცნობით.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 2 სექტემბერს გაემგზვრება. ქართველები ჯგუფში სლოვენიასთან, ესპანეთთან, ხორვატიასთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან მოხვდნენ. პირველ მატჩს კოკოშკოვის გუნდი 4 სექტემბერს, პოლონეთთან გამართავს.
დღეს, სპორტკომპლექს არენაში ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიორგი შერმადინი: ”ნაკრებმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა, სადაც გუნდის წევრები ფიზიკურად გაძლიერდნენ და სლოვენიური შეკრებისთვის მზად არიან. წინ დიდი სამუშაო გველის, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ. სამწუხაროა, რომ ზაზა ფაჩულია დაგვაკლდება. ძალიან ძნელია მისი შეცვლა და ეს ვერც მოხერხდება. ვიცი, რომ ბევრი რამე ჩემზე იქნება დამოკიდებული და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნაკრებს ზაზას დანაკლისი არ ვაგრძნობინო”.
 
ვიქტორ სანიკიძე: ”ის, რომ შეკრება ადრიანად და ფიზმომზდებით დავიწყეთ, ძალიან კარგი და სასარგებლოა. ნაკრების წევრებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ ამ მხრივ, კარგი ფიზმომზადება გაიარეს და სლოვენიის შეკრებას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ნაკრებში მთავარი მწვრთნელი და ამერიკელი კალათბურთელები შეგვიერთდებიან და კომბინაციების დამუშავებაზე გადავალთ. ჯერ არ ვიცით, ფაჩულიას არყოფნის გამო რა შეიცვლება ნაკრების სათამაშო ტაქტიკაში. ყველაფერს სლოვენიაში შევიტყობთ, როცა იგორ კოკოშკოვი ვარჯიშებს დაიწყებს”.
საქართველოს ნაკრები სლოვენიისკენ გეზს ხვალ, გამთენიისას, ღამის 4 საათზე აიღებს.
საქართველის ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა
 
–        8-24 ივლისი – ვარჯიშები ფიზიკურ მომზადებაში. თბილისი
–        25 ივლისი – 6 აგვისტო: მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში, სლოვენია
–       7-9 აგვისტო –  ტურნირი ქ. ტრენტოში, იტალია. მონაწილეობენ: საქართველო, იტალია, პოლონეთი, ისრაელი
–       10-13 აგვისტო – მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში (სლოვენია)
–      13 აგვისტო – ამხანაგური მატჩი საქართველო-ბოსნია ქ. ცელიეში, სლოვენია
–       14 აგვისტო – ამხანაგური მატჩი საქართველო-ბოსნია ქ. იესენიცეში, სლოვენია
–       16-17 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ქ. ანტიბში, საფრანგეთი.
მონაწილეობენ: საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი
–        18-24 აგვისტო – მოსამზადებელი შეკრება თბილისში
–        25-28 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ქ. თელ-ავივში, ისრაელი.
მონაწილეობენ: საქართველო, ისრაელი, ლატვია, მეოთხე გუნდი ჯერ უცნობია
–        1 სექტემბერი – ამხანაგური მატჩი ლიტვა-საქართველო ქ. კაუნასში, ლიტვა
–        2 სექტემბერი – გამგზავრება სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე