ეროვნული რადარი: მერკვილაძის პროგრესი

ეროვნული რადარი: მერკვილაძის პროგრესი

ამერიკაში მოთამაშე ქართველებს დატვირთული კვირა არ ჰქონიათ. პანდემიის გამო სტუდენტურ კალათბურთში ბლომად თამაში იდება, ხოლო ჯუნიორ კოლეჯთა ლიგა, სადაც არაერთი ქართველი ახალგაზრდა თამაშობს, ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა სტარტი იანვრის შუა რიცხვებისთვის გადაიდო.

გასულ კვირაში ყველაზე მეტად 18 წლის ალექსანდრე მერკვილაძე გამოირჩა, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად NCAA-ის პირველ დივიზიონში, Big West-ის კონფერენციაში ასპარეზობს. მისმა გუნდმა 29 დეკემბერს ნიუ მექსიკო სტეიტი 66:63 დაამარცხა, ქართველი ახალგაზრდა კი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მერკვილაძისთვის ეს გახლდათ მიმდინარე, სტუდენტურ ლიგაში სადებიუტო სეზონის საუკეთესო მატჩი. ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მართალია, მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა, გუნდს 11 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. მერკვილაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

კალ სტეიტ ნორტრიჯს სეზონში 4 მოგება და 3 მარცხი გააჩნია, მომდევნო შეხვედრას კი უკვე გაისად, 2 იანვარს, ირვაინ ანტეატერსთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ Big West-ის კონფერენციის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და ეს 7 შეხვედრა, რაც მერკვილაძის გუნდმა გამართა, არასაკონფერენციო გახლდათ.

ვილი ისიანის კონფერენცია Horizon-ს თავისებული კალენდარი აქვთ. გუნდები ერთი სტუმრობისას ერთმანეთს 2-2-ჯერ ხვდებიან, რათა მგზავრობათა რიცხვი მინიმუმამდე შემცირდეს. დეტროიტ ტიტანსმა, სადაც ვილი ისიანი თამაშობს, 2 დღეში ორჯერ უმასპინძლა ოკლენდ სტეიტ გრიზლის და ჯერ 2, ხოლო შემდეგ 3 ქულით დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა თავი ვერ გამოიჩინა. ორივე შეხვედრაში ვილი 2-2 ქულას დასჯერდა, თუმცა სათამაშო დროც ბევრი არ მისცემია. ორივე შეხვედრაში მოედანზე ჯამში 17 წუთი იმყოფებოდა. დეტროიტელები კონფერენციის 4 მატჩიდან 4 წაგებით აუტსაიდერებში არიან.

გიორგი ბეჟანიშვილს წინა სეზონთან შედარებით სათამაშო დრო ცოტათი შეუმცირდა და სასტარტო ხუთეულშიც აღარ ჩანს, თუმცა 21 წლის ქართველი მაქსიმალურად იყენებს ბოძებულ დროს დაარცთუ ურიგო შედეგიანობას იჩენს. გასული კვირის 2 შეხვედრაში, რომლებიც მისმა “ილინოის ილინიმ” მოიგო, ბეჟანიშვილმა ჯამში 15 ქულა ჩააგდო. მისი გუნდი ერთ-ერთ წამყვან, Big Ten-ის კონფერენციაში 4-დან 3 მოგებით საპატიო მე-3 ადგილზეა.

დაბოლოს სანდრო მამუკელაშვილზე ვთქვათ, რომელმსაც იმედია, ერთჯერადი ჩავარდნა ჰქონდა. სანდრომ ჯორჯთაუნთან 78:67 მოგებულ მატჩში 25 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, არადა, მან მიმდინარე სეზონში 32 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა და Big East-ის კონფერენციის სამივე კვირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ჯორჯთაუნთან მატჩს ცალკე სიახლე მივუძღვენით თამაშის დღეს – 24 დეკემბერს.