საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული მსოლფლიო ჩემპიონატი დაასრულა. აღნიშნული პირველობა დამოუკიდებელი საქართველოსთვის პირველი იყო და ჩვენმა გუნდმა პლანეტის უმთავრეს სანაკრებო ტურნირში დებიუტანტის კვალობაზე წარმატებულად იასპარეზა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია, მთლიანობაში გამართული 5 მატჩიდან კი 2 მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ საქართველოს ტურნირის ფავორიტები – გერმანია და ავსტრალია შეხვდნენ, რომლებსაც ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს. პირველი ტურის შემდეგ მეორე ჯგუფურ ეტაპზე პლეი ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობა გაირკვა და ბოლო მატჩმა საქართველოსა და ავსტრალიას შორის პრინციპული მნიშვნელობა დაკარგა. მატჩს პრესტიჟის და რეიტინგის მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა საქართველო აშკარა უმცირესობაში იყო. ტრავმების გამო განაცხადში არ იყვნენ ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ხოლო მიხეილ ბერიშვილი სათამაშო ფორმით იყო, თუმცა წინასწარ ვიცოდით, რომ ვერც ის და ვერც გიორგი ცინცაძე მოედანზე ვერ გავიდოდნენ. მედლების მოსაგებად შემართულ, თუმცა პლეი ოფს მიღმა დარჩენილ ავსტრალიას განახევრებული შემადგენლობის საქართველო შერჩა ტუნრირს ბოლო მეტოქედ.
თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო. გუნდები უკანმოუხედავად უტევდნენ. შესაბამისად, იყო შეცდომები, თუმცა უფრო მეტი ხარვეზი ქართველებს ჰქონდათ და ანგარიშშიც ჩვენები ჩამორჩებოდნენ. ავსტრალიელებმა სწრაფი შეტევებით იხვეჭდნენ ქულებს, თუმცა სამქულიანებსაც წარმატებით ესროდნენ და პირველი პერიოდი მეტოქის გამარჯვებით – 23:17.
მეორე პერიოდიდან ავსტრალიამ ტემს და ზუსტ სროლებს უმატა. საქართველოს ნაკრები უმეტესწილად ინდივიდუალიზმის ხარჯზე ცდილობდა ქულების მოპოვებას, რაც პერიოდულად ძალიან ლამაზად გამოსდიოდა, თუმცა ავტრალიელთა ლიდერობა არ მცირდებოდა. მსაჯები ავსტრალიელებს სწყალობდნენ, რაც ჩვენიანთა მხრიდან გაპროტესტების მიზეზი ხდებოდა და მხოლოდ პირველ ნახევარში არბიტრმა საქართველოს 3 ტექნიკური ჯარიმა მისცა.
დიდ შესვენებამდე, მეორე პერიოდის მეორე ნახევარში ავსტრალიელებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს, პატი მილსმა შორი სროლაც გაისწორა და ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას უწია – 5:31. პერიოდის დარჩენილ 2 წუთში ბევრი არაფერი შეცვლილა. სირენის თანხლებით ჩაგდებული სამქულიანით ჯო ინგლსმა ავსტრალიელთა 17-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.
მესამე პერიოდი ქართველებმა მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ სამქულიანების ზუსტად სროლა განაგრძო და მესამე პერიოდის შემდეგ 13 ჩაგდებული მოუგროვდა, ილიას ზუროსის გუნდმა ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე (გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის დამსახურებით) ჩამორჩენა 5 ქულით შეამცირეს. ეს ასე არ იქნებოდა, რომ არა თად მაკფადენის სამქულიანები, რომელმაც მიზანი გაისწორა და ავსტრალიელთა მიერ მითვლილი შორი სროლები დააკომპენსირა. მესამე ათწუთეული საქართველომ 30:25 მოიგო და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშში სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა – 79:67.
ბოლო პერიოდში ჩვენებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს და გაჩნდა იმედი, თუმცა თამაშის საერთო სურათის შესაცვლელად ქართველებს ძალა არ ეყოთ. მეორე ტექნიკური ჯარიმა მიიღო ლუკა ლიკლიკაძემ, რითაც ავტომატური დისკვალიფიკაცია დაიმსახურა და ჩვენი ნაკრები 7 აქტიური მოთამაშის ამარა დარჩა. საბოლოოდ უძლიერეს მეტოქესთან 100:84 დამარცხდა და თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ბოლო მატჩი 20 ქულით დაასრულა გოგა ბითაძემ, 18 ქულა მოუტანა ნაკრებს თად მაკფადენმა, 16 გიორგი შერმადინმა. ეროვნული ნაკრები სამშობლოში 5 სექტებერს, 9:45 საათზე დაბრუნდება