გიორგი შერმადინმა 1 მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. მას კოჭი აწუხებდა და 3 დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ლატვიაში ვეფ-თან არ ათამაშეს. ქართველი ცენტრი მოედანს მომდევნო მატჩში დაუბრუნდა, რომელიც მისმა ლენოვო ტენერიფემ 3 აპრილს სევილიაში, ბეტისთან გამართა. მატჩი ტენერიფელებმა 93:82 მოიგეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულს 20:40 წუთში 15 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ თანაბარი რაოდენობითა და შედეგიანობით ესროლა ორქულიანები და საჯარიმოები: 6-დან 5. ქულებითაც და სარგებლიანობის ინდექსითაც შერმადინი ტენერიფელთაგან მხოლოდ სასუ სალინს ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა, ხოლო 24 სარგებლიანობის ინდექსი მოაგროვა. შერმადინის ამ მაჩვენებელმა 18 ერთეული შეადგინა.
21 მოგებითა და 5 მარცხით ტენერიფე ესპანურ ლიგაში მე-3 ადგილზეა. მას უსწრებს რეალი (26 მოგება, 1 მარცხი) და ბარსელონა (24-3). შემდეგ ტურში შერმადინის გუნდი თად მაკფადენის ბურგოსს ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს მოთამაშეები არიან ესპანური ლიგის მარტის MVP-ის მფლობელები.