99-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი. იძულებითი შესვენების მიზეზი ყველასთვის კარგად ნაცნობი – კორონავირუსია, რომელმაც საკალათბურთო სეზონს თითქმის მთელს ევროპაში წერტილი დაუსვა. გამონაკლისია ესპანეთი, სადაც გუნდები მოთმინებით ელოდნენ პანდემიის ტალღის შენელებას და თამაშების განახლებას. ნანატრი დღეც დადგა და დღეს ესპანეთის ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით განახლდა.
ფინალურ ფაზად წოდებული მინი-ტურნირის მასპინძელი ქალაქი ვალენსიაა, სადაც მარტში შეწყვეტილი ჩემპიონატის ცხრილის 12 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა და 2 ჯგუფში განაწილებულნი, 25 ივნისამდე ერთ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც, თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა. პლეი ოფში სერიები არ იქნება. ნახევარფინალები და ფინალიც ერთი მატჩისგან შედგება.
მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატში 3 ქართველი ასპარეზობს. ბექა ბურჯანაძე (გრან კანარია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე) და თორნიკე შენგელია (ბასკონია). დღეს უკვე დასრულდა პირველი მატჩი ქართველის მონაწილეობით. გიორგი შერმადინის “ტენერიფე” მისსავე ყოფილ კლუბ “უნიკახას” დაუპირისპირდა და 70:83 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა 19 ითამაშა, 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მის ანგარიშზე 9-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმოა. მატჩის ბომბარდირი უნიკახელი პოლონელი ადამ ვაჩინსკი გახდა.
დღეს ითამაშებს შენგელიას გუნდიც. “ბასკონია” “ბილბაოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა გვიან ღამით დასრულდება.