ესპანეთის ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთის ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც საქართველოს მეტოქეა ევრობასკეტ 2013-ის ჯგუფში, ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს. ესპანელებს აკლიათ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, მაგრამ მათ ასეთი იმდენი ჰყავთ, რომ არაოპტიმალური შემადგენლობაც უძლიერესად მიიჩნევა.
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ხუან ორენგამ ნაკრებში შემდეგ კალათბურთელებს უხმო: ხოსე კალდერონი (“დალასი”, NBA), რიკი რუბიო (“მინესოტა”, NBA), სერხიო ლული, სერხიო როდრიგესი, რუდი ფერნანდესი (ყველა – “რეალი”), ალექს მუმბრუ (“ბილბაო”), ფერნანდო სან ემეტერიო (“კახა ლაბორალი”), ვიკტორი კლავერი (“პორტლენდი”, NBA), მარკ გასოლი (“მემფისი”, NBA), ხერმან გაბრიელი (“ესტუდიანტესი”), ხავი რეი (“გრან კანარია”), პაბლო აგილარი (“ვალენსია”).

ესეც 3 სარეზერვო კალათბურთელი, თუკი ევროპის ჩემპიონატამდე რომელიმე ძირითადის მოთამაშე ტრავმას მიიღებს: ხავი რაბასედა (“ბარსელონა”), ნაჩო მარტინი (“ვალიადოლიდი”) და ალბერტო გორბაჩო (“ობრადოირო”).
ნაკრებში არ არიან ნბა-ს ვარსკვლავები – პაუ გასოლი, სერჟ იბაკა და ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშე ნიკოლა მიროტიჩი. ყველა ესენი მოწვეულნი იყვნენ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ნაკრებში არ არიან. ეროვნულ გუნდს უარი შეუთვალა ”ბარსელონას” ვარსკვლავმა ხუან კარლოს ნავარომ.
მიუხედავად ასეთი სოლიდური დანაკლისისა, ესპანელებს ნბა-ს წამყვანი მოთამაშეები: ხოსე კალდერონი, რიკი რუბიო, მარკ გასოლი და ვიქტორ კლავერი ჰყავთ. ამასთან, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები.
მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათ გარდა სლოვენიის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ითამაშებენ. საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 9 სექტემბერს შეხვდებიან.