ესპანეთში “ქართველი” ამერიკელების დუელი შედგა

ესპანეთში “ქართველი” ამერიკელების დუელი შედგა

ესპანეთის ჩემპიონატში ტურის მატჩები უქმეებზე იმრთება, თუმც ამჯერად თამაშები სუა კვირაში ჩატარდა. ქართველ გულშემატკივართათვის საინტერესო მატჩში ერთმანეთს ტორინ გრინის “გრან კანარია” და ტაირონ ელისის “ესტუდიანტესი” შეხვდნენ. ორივე ამ ამერიკელ კალათბურთელს ქართული პასპორტები აქვთ და ისინი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან.
ეს შეხვერა ორმაგად საინტერესო იყო, რადგან ჩვენი ნაკრების წევრებს ერთმანეთთან უწევდათ პაექრობა. გრინმა ელისს აშკარად აჯობა და თავის გუნდს გამარჯვების (78:67) მოპოვებაში დაეხმარა. ტორინმა მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 27:23 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი მიითვალა. მან 2-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ ამერიკელ ჯეისი კეროლს (23 ქულა) ჩამორჩა.
რაც შეეხება ელისს, მან მოედანზე 16,41 წუთი გაატარა და 3 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. “გრან კანარიას” და “ესტუდიანტესს” თანაბარი ქულები გაუხდათ (12 მოგება, 12 მარცხი) და ეს გუნდები მალაგის “უნიკახასთან” ერთად მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს იყოფენ.
ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების დანარჩენი წევრების გუნდები დღეს ითამაშებენ.

ტორინ გრინი